„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერიის შენობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე.
ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგის ფარგლებში იმ ხარჯებზე ისაუბრა, რაც თბილისის მერიას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა, კერძოდ პრემიებსა და დანამატებზე, ასევე მერიის ავტოპარკზე.
„ახლა მე ვდგევარ თბილისის ჩვენი მაჟორიტარების გუნდთან ერთად, იმ გუნდთან ერთად რომელთან ერთადაც მე ვაპირებ თბილისისთვის ბრძოლას და ამ არჩევნებში გამარჯვებას. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავისტუმროთ ქალაქიდან „ქართული ოცნება“ და დავამსხვრიოთ ის მახინჯი ბიუროკრატიული მმართველობა, რომელიც ამ შენობაში არის გამეფებული. ეს ხალხი მართლაც წურბელებივით აზის დღეს თბილისელებს და მათი მთავარი ამოცანა არის არა თბილისელებზე ზრუნვა, არამედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ და წაღლიტონ თბილისელებს საკუთარი კეთილდღეობისთვის, ციფრები არის შოკისმომგვრელი.
მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე, თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 235 მილიონი ლარი დახარჯეს. აქედან 137 მილიონი დახარჯულია ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზე. მადა თბილისის მერიაში მართლაც კარგი აქვთ, ერთ მილიონზე მეტი შეჭამეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რესტორნებზე და ფურშეტებზე დახარჯული აქვთ მილიონზე მეტი და ეს იმ ფონზე, როდესაც 7 ათას თბილისელს მოუხსნეს სოციალური დახმარება და ბოლო ლუკმა პურის გარეშე დატოვეს, 40 ათასამდე თბილისელი ყოველდღიურად ჩაწერილია უფასო სასადილოებში.
სხვა საკითხია კიდევ ის ავტომანქანები, რომლებიც თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ემსახურებიან. 300-ზე მეტი ავტომანქანა ჰყავს მერიას, რომელთა საერთო ღირებულებაც 5 მილიონზე მეტია. დამისახელეთ ევროპაში ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც მერიის მაღალჩინოსნებს ამ ავტომობილების ნახევარი მაინც ემსახურება, თბილისის მერიის ავტოპარკის შენახვა ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონზე მეტი დაჯდა.
სწორედ ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ვიძახი, ბიუროკრატიული აპარატის შემცირებით, ჩვენ 100 მილიონზე მეტს დავზოგავთ წელიწადში და ეს თანხები სრულად მოხმარდება სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს. თბილისელების ფული ოქტომბრიდან დაიხარჯება მხოლოდ თბილისელებზე. ამ ქალაქში ნარმანიას და კალაძის მმართველობის ადგილი არ არის“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






