ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპელ ექსპერტებს დეტალურად გააცნობენ ხელისუფლების დამოკიდებულებას, როგორ არ სურს "ქართულ ოცნებას" დათმობებზე წასვლა.
„საქმე ეხება კონსტიტუციას, აქ არ არის პარტიულ დოკუმენტზე ლაპარაკი, კონსტიტუცია მთელი ქვეყნის ცხოვრების განმსაზღვრელი უმაღლესი კანონია. ამიტომ შევიკრიბებით, ამ არასერიოზულობას და ცრუპენტელობას ხელისუფლებისას აუცილებლად გავაგებინებთ ვენეციის კომისიას და თან შევჯერდებითჩვენს სამომავლო გეგმებზე. იმიტომ, რომ ხელისუფლება არასერიოზულად იქცევა. ის ამბობს, რომ მივიღეთ წერილები და პოზიცია არ მიგვიღიაო. ტყუის, აქ არის მკაფიოზე მკაფიო პოზიცია,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა ნიკა რურუამ.
ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევა.
„ხელისუფლებამ უარი თქვა ყოველგვარ დიალოგზე თავის განცხადებებით. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ოპოზიციურ სპექტრს უნდა ჰქონდეს კვლავაც ერთიანი პოზიცია და ერთიანი სტრატეგია. სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა - როგორ მივაღწიოთ იმას, რომ კონსტიტუცია იცავდეს ხალხის ინტერესს და არა „ქართული ოცნების“ ინტერესს,“-აცხადებს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






