აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ხანძრის ფართობი სავარაუდოდ 5 ჰექტარს აღწევს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიას საგანგებო დეპარტამენტის თანამშრომლებიც ებრძვიან. სტიქიის გამო საგანგებო შტაბი აბასთუმანში გააგრძელებს მუშაობას, შტაბს კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. საგანგებო შტაბი აბასთუმანში ხანძრის ლიკვიდაციამდე დარჩება. საგანგებო შტაბის პირველი საგანგებო სხდომა უკვე ჩატარდა:
„ახალი ცეცხლის კერაა აბასთუმნის თავზე თუმცა დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორსაა, მიუვალი ტყეა და გზები პრაქტიკულად არაა. გამოძახებულია მძიმე ტექნიკა და გაჭრის გზებს, რომ შესაძლებელი გახდეს სახანძრო მანქანების ცეცხლის კერებამდე მისვლა. ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან ასევე შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობა, რომელმაც ბორჯომში და ახალციხეშიც მოახდინა ხანძრის კერების ლიკვიდაცია. მობილიზებულები ვართ შეუძლებელია ფართობის ცალსახად თქმა.“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლებელია დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობამ მეზობელ ქვეყნებს ისევ მიმართოს.
ფოტო sknews.ge
მასალის გამოყენების პირობები






