როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.
შს სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტერიტორია მიუვალია, თუმცა ამის მიუხედავად, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე მღებრიშვილისთვის უცნობია რა ფართობზეა მოდებული ხანძარი.
„გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება,” - განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ.
„ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და მათ ჩართვასაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება. ვფიქრობ, რომ აქამდე საქმე არ მივა და ჩვენ ჩვენი ძალებით გავუმკლავდებით“- აღნიშნა მღებრიშვილმა.
შს მინისტრს ჟურნალისტებმა გახშირებული ხანძრების მიზეზებზეც ჰკითხეს.
„მოდით, მიზეზებზე ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია და შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






