თუ გასული კვირის ბოლოს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო", ოპოზიციასთან ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ირგვლივ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე საუბრობდა, მმართველი პოლიტიკური ელიტა დღეს სხვაგვარად ალაპარაკდა და დიალოგის შანსის შესახე გააკეთა განცხადება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი დღესაც მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს, თუმცა კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი, დამოკიდებულია ოპოზიციაზე.
ოპონენტების მისამართით ისრების გადატანას ცდილობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც.
პარლამენტარმა თემის კომენტირებისას თქვა: „მმართველი გუნდი 2 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა უშედეგოდ“. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მაინც მზად არის.
ოპოზიცია კი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს 25 აგვისტოს გაკეთებული განცხადების გამოსწორების მცდელობას უწოდებს.
განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს საქართველოს პირველი პირიც.
სანამ დღეს გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მმართველ ძალასა და ოპოზიციის შეხვედრაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ის ძირითადი საკითხები გააცნეს, რომლის გათვალისწინებასაც საკონსტიტუციო რეფორმაში ოპოზიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ მზად არის ოპოენტებთან დიალოგიასთვის, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პარტიებს მოუწოდა, წინადადებები წერილობითი სახით გაეგზავნათ.
ოპოზიციურმა პარტიებმა თალაკვაძის თხოვნა გაითვალისწინეს და უმრავლესობას მათი უცვლელი მოთხოვნები მესამედ გადაუგზავნეს.
თუმცა მთავარი კითხვა, რა კომპრომისისთვის არის მზად ხელისუფლება კვლავ ბუნდოვანია.
ქვეყნის მთავარმა დოკუმენტმა გააერთიანა ოპოზიცია, მათი პრინციპული პოზიცია, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკავშირდება უცვლელია.
„ნიუპოსტი“ სამთავრობო გუნდის მიერ ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებზე, მის ადრესატებს ესაუბრა.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, აღნიშნავს, რომ „ივანიშვილის ოჯახი“ ქართულ საზოგადოებას თავს ანტისახელმწიფოებრივ დოკუმენტს ახვევს.
"ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადება სრულიად არასერიოზულია. მათ პარასკევს გაავრცელეს განცხადება, სადაც შემდგომ დიალოგზე უარს აცხადებდნენ და ბრალს ჩვენ, ოპოზიციას გვდებდნენ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მარტივია: მათ გააცნობიერეს, რომ ბოლო განცხადებით ნიღაბი ჩამოიხსნეს და დღეს განაახლეს საუბარი დიალოგზე.
რაც შეეხება საკითხის არსებით მხარეს: პირველი - თუ ხელისუფლება დიალოგისთვის მზად არის, მან კონსტიტუცია აუცილებლად უნდა დააბრუნოს განხილვის წინა სტადიაზე, ვინაიდან მესამე მოსმენის სტადიაზე კანონპროექტში გარდა სარედაქციო ხასიათის ცვლილებისა ნებისმიერი ცვლილების შეტანა კანონით აკრძალულია.
ხელისუფლება იმთავითვე აცხადებდა, რომ საუბარს არ აპირებდა არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც საზოგადოება და ოპოზიცია აყენებდა. საუბარია პროპორციული საარჩევნო სისტემაზე, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებაზე და ასე შემდეგ.
ხელისუფლების მიზანი უმნიშვნელო საკითხებზე ვაჭრობა და ამ ვაჭრობით ჩართულობის ილუზიის შექმნა იყო - ეს გეგმა ჩავარდა და დღეს ხელისუფლება მსგავსი სახის ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში თავი ბოლომდე არ მოიჭრას და ვენეციის კომისიის წინაშე რაღაც ჰქონდეს სათქმელი"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
ენმ-ს ლიდერმა ოპოზიციის ერთიანობას გაუსვა ხაზი.
"დღეს ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ყველა აცნობიერებს, რომ ის კონსტიტუცია, რომელსაც ივანიშვილების ოჯახი და ქართული ოცნება გვახვევს თავს, ქართული დემოკრატიისთვის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს დოკუმენტი ანტისახელმწიფოებრივია და ხელისუფლების დემოკრატიული, არჩევნების გზით ცვლილებას შეუძლებელს ხდის. ოპოზიცია მოილაპარაკებს ერთმანეთში, დაელაპარაკება ხალხს და მასთან ერთად გადაწყვეტს როგორ აღუდგეს წინ ამ ძალადობრივ აქტს, რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი გვახვევს თავს"- განმარტა მან.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილიც თვლის, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც არდათანხმების შემთხვევაში დიალოგს აზრი ეკარგება.
თარხნიშვილი მმართველ პოლიტიკურ პარტიას საკუთარ რიგებში საკითხზე ჩამოყალიბებას ურჩევს.
"კარგი იქნება თუ მმართველი გუნდი ერთხელ და სამუდამოდ, თავის რიგებში ჩამოყალიბდება თუ რა პოზიცია აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით. რას ითხოვენ და რაზე არიან თანახმა, რომ მოლაპარაკება შედგეს. დღეს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ერთგვარად კომიკური ვითარება შეიქმნა, ხელისუფლება ოპოზიციისგან პოზიციის დაფიქსირებას მუდმივად ითხოვს, არადა მათგან განსხვავებით ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიცია დიდი ხანია დაფიქსირებული გვაქვს - დავაფიქსირეთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს, პარლამენტში საკითხის განხილვისას, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ცალკეც. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი და მარტივი: მთავარი საკითხი, რომელზეც მზად ვართ ვისაუბროთ და რომელიც ჩვენი მოსაზრებით არის ფუნდამენტალური ეს არის საარჩევნო სისტემა, ანუ როგორ ავირჩევთ პარლამენტს 2020 წელში. უნდა დავუბრუნდეთ იმ პროექტს, რომელსაც თავად ქართული ოცნება განიხილავდა და რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინა საკონსტიტუციო კომისიაში - ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა როდესღაც, არამედ 2020-ში და არა ერთჯერადად, არამედ სამუდამოდ.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამ პროექტს განიხილავდა პარლამენტი, საქართველოს მოსახლეობა და ამ პროექტზე დააფიქსირა თავისი აზრი ვენეციის კომისიამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. შემდეგ საიდანღაც გამოჩნდა პროექტი რომელიც მხოლოდ ქართული ოცნებისგანაა მხარდაჭერილი და მოწონებული.
ჩვენი მთავარი მოთხოვნების გათვალისწინების შემდეგ, მზად ვართ ვისაუბროთ ბლოკებზე, მანდატების სისტემაზე და ბარიერზე"- უთხრა "ნიუპოსტს" ლევან თარხნიშვილმა.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხში ერთიანია.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის მთავარი მოთხოვნა 2020 წლისთვის არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაა. ედპ-ს ლიდერი მმართველ გუნდს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს.
"ბევრ გადაწყვეტილებასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო დროს მიიღო, იყო ის, რომ მან მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. ხელისუფლებამ თავისი არათანმიმდევრულობით, იმიჯს არც ამჯერად უღალატა და გაიქცა მოლაპარაკების მაგიდიდან. ჩვენ სწორედ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ვიმყოფებით.
რაც შეეხება ხელისუფლების მიზანს, ეს ჩვენთვის გარკვეული იყო ადრეც და დღესაც ნათელია - მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს, ოპოზიცია დაითანხმოს ან ოპოზიციის შიგნით ისეთი პოლიტიკური ძალები იპოვოს, რომლებიც ერთპარტიულ კონსტიტუციას ე.წ. ბლოკების, ბარიერების და სხვა მეორეხარისხოვანი საკითხების სანაცვლოდ "გაუპრავებენ". დღეს სასწორზე დგას შემდეგი საკითხი: ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება დამკვიდრდება თუ არა.
ხელისუფლებას, რომელიც ამომრჩეველში ნდობას ელვის სისწრაფით კარგავს, 2020 წლისთვის, ხელოვნური ბერკეტებით სურს მიიტაცოს ძალაუფლება. ოპოზიციის სურვილია, რომ დემოკრატიის მთავარი საფუძველი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობის პრინციპი და საარჩევნო სისტემის სამართლიანობა დამკვიდრდეს ქვეყანაში. დღეს, როგორც არასდროს ოპოზიცია ამ პრინციპის ირგვლივ კონსოლიდირებულია. მთავარი საკითხია - არ მივცეთ მმართველ ძალას საშუალება, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების ხარჯზე ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს. სანამ ამ მთავარ პრინციპს არ დათმობს, ბუნებრივია დიალოგს აზრი ვერ ექნება"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას" იმდენად სჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად, არჩევნებზე ხელოვნური ბერკეტები, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან.
"ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის ვალია საზოგადოებაში გაააქტიუროს ის თემები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუ ხელისუფლება მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და ამომრჩეველს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს, საბოლოოდ, პოლიტიკური პარტიები კი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, არამედ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი მიიღებს და ეს ბევრად მტკივნეული იქნება ხელისუფლებისთვის, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ისინი დღეს იმყოფებიან"- დასძინა ქარდავამ.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ მოლაპარაკებაზე უარი თავად ხელისუფლებამ თქვა.
„ოპოზიციის მხრიდან გამოხატული იყო მზაობა დიალოგთან დაკავშირებით, თვითონ ხელისუფლებამ თქვა უარი ამ დიალოგზე. რა თქმა უნდა, ამ ფონზე შეხვედრა კარგავს აზრს იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვენეციის კომისიასთან კი არ გვაქვს რაიმე გასარჩევი, არამედ მთავარი მომენტი იყო, რომ ხელისუფლება წამოსულიყო დათმობაზე. ეტყობათ არ უნდათ გარკვეული დათმობების განხორციელება. ეს იქნება ერთპარტიულად მიღებული კონსტიტუცია რაზეც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს ვენეციის კომისიიდან ეტყობათ არ აინეტერესებთ ეს მიდგომები. მიიღებენ კონსტიტუციას თავისთვის და ეს იქნება - „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია და არა ქართული სახელმწიფოს კონსტიტუცია“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას პოლიტიკურ გამოცდილებას ახსენებს და ამბობს, რომ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებამ არცერთ ხელისუფლებას კარგი არაფერი მოუტანა.
„სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა ჩვენ შევყევით ამ პროცესში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთიანი ოპოზიციური ძალა, სპექტრი შეიძლება იყოს აბოლუტურად კონსტრუქციული. ვაჩვენეთ მზაობა მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომის, მათ გაითამაშეს თითქოს და უნდოდათ მოლაპარაკება მაგრამ, საბოლოო ჯამში ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. მათ ჩაშალეს თავიდან ბოლომდე ეს პროცესი. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ გაიტანონ თავისი, მოირგონ კონსტიტუცია, არ აინტერესებთ სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია. ეს საქართველოს ისტორიაში არცერთი ხელისუფალისთვის კარგად არ დამთავრებულა“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც კომენტარებიდან ჩანს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მორიგი იმედგაცრუება ელის.
2 თვის წინ ჯანი ბუკიკიომ ხაზგასმით აღნიშნა: "ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და საჭიროა, გაგრძელდეს კონსულტაციები იმისთვის, რომ ფართო კონსენსუსის მისაღწევად საერთო ენა გამოინახოს".
მასალის გამოყენების პირობები






