"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის ოპოზიციასთან" - თქვა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, "ქართული ოცნება" 2 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა უშედეგოდ.
”ვცადეთ, რომ პასუხი წერილობით მიგვეღო, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და შეუძლებელი გახდა დიალოგის გაგრძელება. დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის, გვაქვს კარგი კონსტიტუცია, კარგი ტექსტი და კარგი იქნებოდა კონსენსუსის გაფართოებაც. თუ ამისთვის ოპოზიცია მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მმართველ ძალასა და ოპოზიციის შეხვედრაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ის ძირითადი საკითხები გააცნეს, რომლის გათვალისწინებასაც საკონსტიტუციო რეფორმაში ოპოზიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
აღნიშნული წინადადებები არჩილ თალაკვაძეს ადგილზე გადასცეს. შეხვედრის დასრულების შემდეეგ, უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას მიმართა, წერილობით გადაეგზავნათ ის მთავარი საკითხები, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო რეფორმას მხარს არ დაუჭერდნენ.
მოგიანებით ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებამ უკვე მესამედ გადაუგზავნეს დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ის წინადადებები, რომლის გათვალისწინებასაც ისინი საკონსტიტუციო რეფორმაში პრინციპულად მიიჩნევდნენ.
როგორც 11 პარტიის ერთობლივ განცხადებაში იყო აღნიშნული, ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს, 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მანდატების სამართლიან გადანაწილების პრინციპს და პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი წესით არჩევას. პოლიტიკური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.
მასალის გამოყენების პირობები






