საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი შესაძლოა აღარ გაიმართოს. როგორც უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიები დიალოგის დაწყების წინაპირობად ულტიმატუმს აყენებენ და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. შესაბამისად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ამ პირობებში ოპოზიციასთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება შეუძლებელია.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულის შესაფასებლად „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს მამუკა კაციტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლების პასუხი ეხება საპარლამენტო ოპოზიციას და მათ ორბიტაზე მოძრავ ოპოზიციურ ორგანიზაციებს:
„შემიძლია ვთქვა ორი რამ, პირველი ის, რომ როდესაც რიგმა პარტიებმა მიწერეს ხელისუფლებას და თქვეს, რომ თუ წინასწარ არ განაცხადებს ხელისუფლება პროპორციული არჩევნების 2020 წელს დანიშვნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებითო, ეს იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული როგორც საბაბი, თითქოს ულტიმატუმისა, რასაც ხელისუფლების აზრით შეეწირებოდა მოლაპარაკებები როგორც თბილისში, ასევე სტრასბურგში. სწორედ ამიტომ იყო, როდესაც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებდით, თუ გვსურს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან გახდეს ცნობილი ხელისუფლების პოზიცია და ლუსტრაცია მოხდეს მათი პოზიციისა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, არ იყო საჭირო დემონსტრირება იმისა, რომ წინასწარ განაცხადეთ ყველაფერი, თორემ მაგიდას არ დავუჯდებითო. ამას გამოიყენებდნენ, როგორც ულტიმატუმს. ასეც მოხდა, ხელისუფლება ცდილობს ულტიმატუმად მონათლოს მთლიანი ოპოზიციის პოზიცია და აარიდოს თავი მოლაპარაკებებს.
გარდა ერთი წერილისა, რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა გავაკეთეთ მეორე წერილი, რომლითაც ხელისუფლებას მივმართეთ და ვუთხარით, რომ ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით სამსჯელოდ, ყოველგვარი პირობებისა და ულტიმატუმის გარეშე. თუ ხელისუფლება დღეს ამბობს, რომ ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გვესაუბრებაო, ეს ეხება საპარლამენტო ოპოზიციას და მის ორბიტაზე მყოფ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
რა პასუხს აძლევს ხელისუფლება იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებსაც ულტიმატუმის მაგვარიც კი არაფერი უთქვამთ, უბრალოდ ღია არიან ყველა საკითხზე მსჯელობისათვის და ეს ის პარტიებია, რომელთა წერილის საფუძველზეც ვენეციის კომისიამ მზაობა განაცხადა მოდერატორობაზე 6 სექტემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში, სადაც განხილული უნდა იყოს საარჩევნო საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






