ქვემო ქართლში 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 5 პირი არის დაკავებული, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს.
მომხდართან მიმართებით ირკვევა დეტალები - 42 წლის მამაკაცი 15-მდე ადამიანმა ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. შემთხვევა სოფელ გაჩიანთან მოხდა, მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ მოძალადეებმა ფაქტები ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დაზარალებულის ახლობლები მომხდარის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. ვიდეომასალაები ინტერნეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა ამოიღეს.
დაკავებული პირები და ასევე დაზარალებული სოფელ ყარაჯალას მკვიდრნი არიან. დაზარალებულის მშობლების განცხადებით, მათი შვილი რუსთავში იმყოფებოდა, რა დროსაც ყარაჯალადან მასთან შვიდი ადამიანი ჩავიდა, ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცის გამოყვანა ერთ-ერთი ბარიდან ძალის გამოყენებით მოხდა, რის შემდეგაც თავში ჩაარტყეს ბოთლი და შემდეგ სოფელ ყარაჯალასთან გადმოიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც გააუპატიურეს.
ერთ-ერთი ვერსიით ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები ადგილობრივ მაცხოვრებლებში და ისინიც ახდენდნენ ვიდეოგადაღებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტიკი ფაქტი შუადღის საათებში მოხდა.
„ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და მასთან ყოფნა უნდოდა, ახლა ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა, სახე აღარ უჩანს, ძალიანაა ნაწამები, 20-25 ადამიანი იყო“, - აცხადებს დაზარალებულის დედა.
ოჯახის ახლობელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, ისინიც იმავე მეთოდებს მიმართავენ:
„პატრული ჩვენ არ გამოგვიძახია, საავადმყოფოდან დაურეკეს, თუ ყველას არ დაიჭერენ ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, ახლა ოთხი კაცია დაკავებული, ორივე ძმა, ის ვინც იღებდა და ვინც მანქანას მართავდა, არადა ბევრად მეტი იყვნენ, მათ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგონ. თავის საქმეს რომ მორჩნენ, ჩაიხანაში ჩამოვიდნენ და იქ თქვეს, წადით და თქვენს მკვდარს მიხედეთო“, - აღნიშნავს ოჯახის ახლობელი.
მასალის გამოყენების პირობები






