ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაში ტყეში გაჩენილი ცეცხლი დღის მეორე ნახევარში ძლიერი ქარის გამო გაძლიერდა დაა მისი მასშტაბი გაიზარდა, ამ დროისთვის იწვის 5 ჰექტრამდე ტერიტორია. სოფელთან ის ტერიტორიაც იწვის, სადაც მწვანე საფარის აღსადგენად ახალი ნერგები დარგეს. ცეცხლი მოედო სოფელ დაბასთან მიმდებარე ტყის მასივსაც
ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ჩაერთო აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი ვერტმფრენიც. ჯერჯერობით ცნობილია არაა შეძლებს თუ არა აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ღამის პერიოდში მუშაობას.
ამ დროისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში 200 მეხანძრე, 12 სახანძრო მანქანა, 100-მდე მეტყევე და მოხალისე მონაწილეობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-მ განცხადებაც გაავრცელა:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ.
21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს აღნიშნული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში. საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აღმოჩენილი დახმარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






