საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად რომ მას უკრაინაში დაბრუნებისას შესაძლოა დაპატიმრების საფრთხე შეექმნას, გადაწყვეტილებას არ ცვლის და 10 სექტემბერს უკრაინაში პოლონეთის საზღვრიდან შევა.
„მე როგორც შეგპირდით, 10 სექტემბერს უკრაინაში ვაპირებ ჩასვლას. ბევრი მეუბნება ეს არ გავაკეთო, ევროპის ბევრი ქვეყანა მთავაზობს მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ მე ამას არ ვაპირებ. თავის დროზე პუტინის დავალებით, რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქმე, რათა მე არ მიმეღო მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ანალოგიურად, პოროშენკომ ჩამომართვა უკრაინის მოქალაქეობა, რათა მე არ მივიღო მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის უკრაინელ ხალხს დაპირდა რომ ქვეყანაშ კორუფციის დასამარცხებლად იბრძოლებდა და სწორედ ამ პირობის შესასრულებლად ბრუნდება ის უკრაინაში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა რაც მას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკო უკრაინის მოქალაქობა მიანიჭა, თუმცა პოროშენკოსთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეუჩერა, მიზეზად კი დოკუმენტაციის არასწორი შევსება დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები






