- ქალბატონო ქეთევან, „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შედგენილ თბილისის მიწათასრგებლობის გენგმის პროექტს რატომ აპროტესტებთ?
- პირველ რიგში, იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ გენგეგმის ე.წ. კონკურსში „სითი ინსტიტუტ-საქართველომ“ მონაწილეობა უკანონოდ მიიღო. საერთოდ, ყველაფერს თავისი კანონიერი საფუძველი აქვს და ის, რაც უკანონოდ იწყება, არ უნდა გაგრძელდეს.
- „უკანონობაში“ რას გულისხმობთ?
- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კომპანიას გენგეგმის შექმნის უფლება პირდაპირი შესყიდვის წესით მიეცა, ანუ კანონით, ეს დაშვებულია, მაგრამ კომპანიას თავისი ნიშა უნდა ჰქონდეს. ამასთან, პირდაპირი შესყიდვის წესი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს გამოიყენება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი, არც გადაუდებელი აუცილებლობა ყოფილა და უფრო მეტიც, „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ ამ საქმეში გამოცდილებაც კი არ აქვს.
ამ კომპანიის წარმომადგენლები გაიძახიან, კონკურსში გავიმარჯვეთო, მაგრამ დოკუმენტაციიაში არ ჩანს, რომ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
სხვათა შორის, „სით ინსტიტუტი-საქართველო“ კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ შეიქმნა.
- ესეც კანონდარღვევაა?
- დიახ, ეს გამარტივებული წესით შესყიდვის კანონის დარღვევაა.
- ანუ, კორუფციის ნიშნები აქ იკვეთება?
- დიახ, კორუფციის მაღალი რისკი არსებობს.
- „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ ვინ მფარველობს?
- ეს არ ვიცი, მაგრამ საქმეში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩანს, ანუ „სითი ინსტიტუტ-საქართველომ“ მერიასთან 50 ათას ლარზე ხელშეკრულება 2015 წლის 13 ივნისს გააფორმა, ორი დღის შემდეგ კი, 15 ივნისს, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა სოპეციალური განკარგულება - N22/12 გამოსცა, რომლის თანახმადაც, „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარი გადაეცა.
კიდევ ერთხელ ხაზგასამით ვაცხადებ: კონკურსი გენგეგმის შედგენაზე არ გამოცხადებულა.
- აბა, რაზე გამოცხადდა?
- რაზე და, გენგეგმის ხედვაზე, რომლისთვისაც თავდაპირველად 50 ათასი იყო გამოყოფილი, თუმცა ორ დღეში ეს თანხა 2 მილიონ 800 ათასამდე გაიზარდა, რაც თავისთავად კანონის დარღვევაა.
დავუშვათ, „სითი ინსტიტუტმა-საქართველომ“ არაჩვეულებრივი ხედვა წარმოადგინა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მას სამ მილიონამდე თანხა კანონდარღვევით გადაეცა. სააკაშვილი არაჩვეულებრივ რაღაცებს სულ კანონის დარღვევით აკეთებდა. ამიტომაც არ მოგვწონდა და სწორედ ამ კანონდარღვევას ვერ ვპატიობთ.
- ქალბატონო ქეთევან, თქვენი ეჭვით, კანონის დარღვევა ხელს ვის აძლევდა?
- დოკუმენტების გარეშე საუბარი არასერიოზულია, თუმცა ფაქტია: ხელშეკრულება, რომელიც თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ-საქართველოსთან“ გააფორმა, კორუფციის შემცველია.
ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთ მხარეს „სითი ინსტიტუტი“ დგას, მეორე მხარეს კი - ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
- ღარიბაშვილზე ეჭვი იმიტომ გიჩნდებათ, რომ მან გამოსცა განკარგულება, რომლის ძალითაც, პირდაპირი შესყიდვის წესით, „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ 2 მილიონ 800 ათასი გადაეცა?
- დიახ და გვაინტერსებს, ეს განკარგულება რის სანაცვლოდ გამოსცა?
არ ვამბობ, 2 მილიონ 800 ათასი არასწორად დაიხარჯა-მეთქი, მაგრამ კითხვის ნიშნები ჩნდება
სხვათა შორის, ისეთ ცნობილ სპეციალისტებს, როგორიც, მაგალითად, გიგა ბათიაშვილია, საშუალება არ მისცეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღო. ისე, „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ წარმომადგენელმა, მამუკა ბოლქვაძემ ჩვენი ორგანიზაციის წევრს, ვატო გელაშვილს მისწერა, გენგეგმას იმიტომ აკრიტიკებთ, რომ ვიღაცისგან ფული გაქვთ აღებული და ამას დავამტკიცებო, მაგრამ ასე, როგორც ჩანს თვითონ არიან „მოწყობილები“. ბოლქვაძის ეს ბინძური განცხადება კლასიკური „გოიმობაა“ და მეტი არაფერი, თორემ თვითონვე ძალიან კარგად იციან, რომ ამ საქმეში კორუფციის ძალიან მაღალი რისკი არსებობს.
- ქალბატონო ქეთევან, კორუფციის მაღალ რისკზე მხოლოდ იმიტომ წავიდნენ რომ ისტორიაში თბილისის გენგეგმის შემქმნელებად შევიდნენ?
- თუნდაც... ეს განა, პატარა საქმეა? ისე, შეგიძლიათ, ნახოთ, „სითი ინსტიტუტ-საქართველომ“ ე.წ. გენგეგმა ისე გააკეთა, რომ ერთი ნახაზიც კი არ აქვს „დადებული“. უფრო მეტიც, გენგეგმაში თბილისის ურბანული რუკაც კი არ დევს.
სხვათა შორის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ამ ე.წ. გენგეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, ბატონმა გიგა ბათიაშვილმა პირდაპირ თქვა, ეს გენგეგმა არ არის, გენგეგმაში ყველა დეტალი უნდა იყოს გაწერილი, აქ კი არაფერია გაწერილიო. თუ რამეს ჰკითხავთ, „სიტი ინსტიტუტი-საქართველოს“ წარმომადგენლები გიპასუხებენ, ამას გერმანელები გააკეთებენო. გერმანლებს და მთელ ევროპას დიდი პატივს ვცემ - ჩემი შეხედულებებით გლობალისტი ვარ, მაგრამ ჩვენც გვყვავს მაღალი კლასის სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ, ადექვატური გენგეგმა გაეკეთებინათ და მაინტერსებს, საქმეში გერმანელები რატომ ჩართეს? გერმანელმა, შეიძლება, სამუშაოები უკეთესად შეასრულოს, ან უკეთესი ტექნიკური საშუალებები შემოგთავაზოს, მაგრამ თბილისის ურბანულ დაგეგმარებაში ადგილობრივი არქიტექტორები უნდა მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა.
ჩვენი ის გვაინტერსებს, რატომ გადაეცა „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ გენგეგმის შექმნის უფლება უკონკურსოდ და, ასევე, რატომ არ შექმნა ამ კომპანიამ გენგეგმა? - ის, რაც ამ კომპანიამ წარმოადგინა, გენგეგა არ არის!
- ვინაიდან კორუფციაზე ეჭვი გაგიჩნდათ, სამართალდამცავებს არ მიმართეთ?
- დიახ, პროკურატურას მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა...
წეღანაც გითხარით, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ინტელექტუალურ შრომას ეწევიან, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ წარმოამდგენლები ჩემს თვალში „მარშრუტკის შოფრები“ არიან. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ გენგეგმის ერთ-ერთ საჯარო განხილვაზე ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა კითხვა დაუსვათ, გენგეგმის შექმნის უფლება როგორ მოიპოვეთო და იცით, რა უპასუხეს? - ან მოგვისმინეთ ან გარეთ გადითო. საკრებულოს თავმჯდომარემ კი განგვიცხადა, აქ იმას არ განვიხილავთ, კორუფციული სქემა არსებობს თუ არა, არამედ, იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გენგეგმა განვიხილოთო. აი, სწორედ მაშინ უთხრათ გიგა ბათიაშვილმა, ეს გენგეგმა არ არის და რას განიხილავთო?!
ჰოდა, თუ ეს გენგეგმა არ არის, მაშინ საინტერესოა, 2 მილიონ 800 ათასი რაში გადავიხადეთ?
- თქვენი საუბრიდან ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან გაღებული ამხელა თანხა ვიღაცის კერძო ბიზნესის აყვავებას მოხმარდება?
- ასე გამოდის... მოკლედ, იცით როგორი სიტუაციაა? - ფული ჩურჩხელაში გადავიხადეთ, მაგრამ ჩურჩხელას ვინ ჩივის, ძაფიც არავინ მოგვცა! იმასაც თავად ამბობენ, რომ ამ ე.წ. გენგეგმაში ურბანული რუკა არ დევს.
კიდევ ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება: თბილისში ძალიან ბევრი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ამ შენობებში ხალხი ცხოვრობს, ანუ ოთახები გაფორმებული აქვთ, ტერიტორია კი - არა. შესაბამისად, არ შეუძლიათ, რომ შინ, მაგალითად, გაზი შეიყვანონ. მას შემდეგ, რაც საკრებულო გენგეგმას დაამტკიცებს, ეს შენობები შეიძლება, რეკრეაციულ ზონაში აღმოჩნდეს და საინტერესოა, ამ ხალხს რას უპირებენ - ქუჩაში უნდა დატოვონ?
- ქალბატონო ქეთინო, დავუშვათ, პროკურატურამ თქვენი განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
- ვისი და, მერიის მაღალჩინოსნების.
ისე, მართალია, იმ დროს, როცა „სითი ინსტიტუტს“ გენგეგმის შექმნა პირდაპირი მიყდვის წესით დაევალა, დავით ნარმანია უკვე მერი იყო, მაგრამ მისი ხელმოწერა არც ერთ დოკუმენტზე არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






