ბათუმში ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე გაზის ავზების აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც „ნიუპოსტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებებშია მოთავსებული.
ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკა „მედინა“ ინფორმაციას ავცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია:
„სასწრაფოდ ‼️ლეონიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ერთერთი დაშავებული გადმოყვანილია ჩვენ კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, აღენიშნება სხეულის 90% დამწვრობა ასევე სასუნთქი გზების დამწვრობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "ნიუპოსტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გაზგასამართ სადგურზე გაზის ავზები აფეთქდა, აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო, რის შედეგადაც ერთი საცხოვრებელი სახლი სრულად ჩამოინგრა, ერთი კი ნაწილობრივ. ასევე ცეცხლი მოედო ორ საცხოვრებელ სახლს.
ადგილზე მუშაობდა 60 მეხანძრე მაშველი, ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






