საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიონ 465,2 ათასი ლარით იზრდება.
პროექტი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, აღნიშნული თანხიდან 500 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და ის 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.
მისივე თქმით, ცვლილების პროექტში ასევე ასახულია „100 მედეგი ქალაქის პროექტის“ ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტი, რომელიც 31,2 ათას ლარს შეადგენს. ამასთან, ფაქტიურად მიღბული შემოსავლების გათვალისწინებით 934,0 ათასი ლარით იზრდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი, რომელიც მიმართულია წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისთვის.
რაც შეეხება განვლილ პერიოდში მიღებულ ეკონომიებს, გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ბიუჯეტში მოძიებული რესურსები ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გადანაწილდება.
აღნიშნულ საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ თანხას ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებს.თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი, ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ შიდა გზების მოწესრიგება აუცილებელია, მეტროსადგურების რეკონსტრუქციაზე თანხის დაკლებას წარმოუდგენლად მიიჩნევს.
შიდა ეზოების რეკონსტრუქციაზე საუბრისას წინასაარჩევნო დაპირებაზე მიუთითებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც.
„რატომ იღებთ ამ თანხას, რატომ არ უნდა მოხმარდეს მეტროსადგურების რეაბილიტაციას ეს ფული?“ - ამბობს ელისაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






