დე ფაქტო საგარეო უწყების თქმით, გასული წლების განმავლობაში საქართველოს არ შეუწყვეტია ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა. „საქართველოს ხელისუფლების მანიაკალური სურვილი, შეინარჩუნოს არარსებული სახელმწიფო საქართველოს სსრ-ს საზღვრების ფარგლებში, მოკლებულია საღ აზრს და განწირულია სრული კრახისათვის. მითიური ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილი მცდელობები , არა მარტო შეუძლებელს ხდის აფხაზეთის საქართველოს წიაღში დაბრუნებას, არამედ სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულიერების გზაზე და წარმოქნის ესკალაციის საფრთხეს რეგიონში.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ზეწოლას მოიცავს, კიდევ უფრო მეტ ანტაგონიზმსა და ურთიერთმიუღებლობას იწვევს.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ქართულ-აფხაზური მრავალწლიანი კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გონივრული გზა არის ის რომ, საქართველომ გაიაზროს აფხაზეთის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, შემდგომ კი აფხაზეთთან დაამყაროს ცივილიზებული, სამართლებრივი, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და პრინციპებზე.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






