საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, „საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრების სატელეფონო საუბარზე“ განცხადების გაკეთება სერიოზულად არ მიაჩნია.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო , რომ ასეთი საუბრები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება და უწყება ამას არ მიიჩნევს სერიოზულად. მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება. როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს "- განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა.
"როდესაც ადამიანები დანაშაულს ჩაიდენენ და ეს მათ სასამართლოს განაჩენებით დაუდასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და თუ ეს განაჩენი იქნება პატიმრობა, ისინი უნდა მოთავსდნენ შესაბამის დაწესებულებაში." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არაა, სადაც პრანკერები არსენ ავაკოვის სახელით სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილის ესაუბრებიან. საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხია. ჩანაწერში პრანკერები პირს, რომელიც მათი მტკიცებით საქართველოს შს მინისტრია მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სთავაზობენ. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






