რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, 10 ივლისს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” შესაძლოა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მერობის საერთო კანდიდატი წარადგინოს, თუმცა, „ნიუპოსტისთვის“ ასევე ცნობილია, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატად პარტიაში თავად ირმა ინაშვილი განიხილება და გადაწყვეტილება, წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება პარტია „თავისუფალ საქართველოს“ - პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ 7 აგვისტოს ლეიბორისტებს, პატრიოტთა ალიანსსა და ბურჯანაძის პარტიას მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.
„მივმართავთ ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან ასოცირებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც ნაციონალურ მოძრაობასთან: მიმდინარე კვირის ბოლომდე დავასრულოთ კონსულტაციები და შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მივმართავთ პირველ რიგში ლეიბორისტულ პარტიას, დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს - სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 2 პარტიული კოაბიტაციის მახინჯი პროცესი. ჩვენის მხრივ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კუკავამ.
როგორც კუკავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, დედაქალაქის მერობისთვის შესაბამისი კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს, კუკავა ჩვენთან საუბრისას ასევე აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე შესაძლოა მისი კანდიდატურაც იქნეს წამოყენებული.
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის თქმით კი, ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ განიხილავენ, პირველ აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მხარს ალექსანდრე ელისაშვილს დაუჭერს:
“25 წელიწადია ლეიბორისტული პარტია არცერთ ალიანსში, კოალიციაში, ბლოკსა და გაერთიანებაში არ შესულა. ამან გამოიწვია, ის რომ ჩვენ გადავრჩით, მანამდე არსებული ყველა პოლიტიკური პარტია მოისპო და დანარჩენები სულს ღაფავენ. შევთანხმდით, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი ალექსანდრე ელისაშვილს დავუჭიროთ. ელისაშვილი პირველ რიგში ჩემს თავს მახსენებს, შესაბამისად მასში ყველა იმ თვისებასაც ვხედავ, რაც პირადად მე და თითოეულ ლეიბორისტს გაგვაჩნია. ჩვენ არ დავაყენებთ კანდიდატურას ამ არჩევნებზე და მზად ვართ ჩვენი პარტიული რესურსი მთლიანად ალექსანდრე ელისაშვილს მოვახმაროთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - როგორც „ნიუპოსტს“ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, პარტია კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა პარტიებთან და უახლოეს დღეებში დასახელდება მათი მერობის კანდიდატიც:
„რამდენიმე დღეში კონულტაციების პროცესი დასრულდება, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულებას და კონკრეტულ შედეგს, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ მერობის კანდიდატსაც, დარწმუნებული ვარ სერიოზულ შედეგებზე გვექნება პრეტენზია, რადგან სერიოზული კანდიდატი გვეყოლება“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას გიორგი ახვლედიანმა.
დღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ პარტია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, შედეგად უცნობია „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების შესახებაც. თუმცა, პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და მერის კანდიდატზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






