ვენეციის კომისიის თავმჯდომარის წინადადებას საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს. საუბარია წერილზე, რომლის მიხედვითაც ბუკიკიო პარტიებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთდღიან სამუშაო შეხვედრას სთავაზობს სტრასბურგში.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგში, ვენეციის კომისიაში წასვლა სწორი არ იქნება, თუ სიტუაცია წინასწარ არ იქნება შემზადებული.
”ფორმატთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილელებს, რომელიც უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ ცვლილებებზე ველოდებით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა გვითხრან თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეიძლება ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული, ორი მოსმენით მიღებულია, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები, რათა შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი მოთხოვნები. ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ცვლილებებს და რა შემთხვევაში - არა. იმედი გვაქვს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს მოვისმენთ. ჯერ ასეთი მოთხოვნები არ მოგვისმენია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






