გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მთაწმინდის დამწვარი ფერდობის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს. შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდის დამწვარი ფერდობი მიყენებული ზიანის გამო შესაძლოა მეწყერსაშიში ზონა გახდეს:
“გამწვანების საქალაქო სამსახურს ძალიან დიდი ოდენობით თანხები ჩამოაკლეს და არგუმენტები, რომელიც წარმოადგინა თბილისის მერიამ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მე რა თქმა უნდა, როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, როგორც თბილისის ერთი მოქალაქე მოვითხოვ საკრებულოს სხდომაზე, რომ გამონახული იყოს ბიუჯეტში თანხები, რათა არ მოხდეს თანხების გამო რაიმე სამუშაოების შეჩერება,“ - განაცხადა ბუხრაშვილმა.
ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფას ითხოვს საკრებულოს ოპოზიციაც.
“როდესაც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ბიუჯეტში ცვლილება განახორციელა გამწვანების მიმართულებას მოაკლდა 5 მილიონ 700 ათასი ლარი. ნება იბოძონ საარჩევნო ინტერესები გადადონ გვერდზე, გამოყონ დამატებით თანხები და ეს ტყის მასივი უნდა აღდგეს,“ - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიან დათუკიშვილმა.
„ევროპული საქართველო“ კი გარემოს დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომის გამართვას ითხოვს:
“მთაწმინდის პარკის და ის ტერიტორია შესაძლოა, მეწყერსაშიშ ზონად იქცეს. ამიტომ, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალისტების აზრი, უნდა მოვიწვიოთ გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაფართოებულ ფორმატში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






