„ტექნიკური, აბსურდული მიზეზები დაუდეს საფუძვლად იმას, რომ ხელმოწერების რაოდენობა ჩაეთვალათ ბათილად. ჩვენ მიერ წარდგენილ ამ თავიდან ბოლომდე ყალბ ხელმოწერებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იპოვა 13 ნამდვილი ხელმოწერა. ეს პროცედურა ჩვენ გავიარეთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორი სიყალბით არიან დაკავებული საქართველოში პოლიტიკური პარტიები. მეორეს მხრივ, ვცადეთ გვეჩვენებინა თუ რამდენად იდიოტურია ეს სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიას, ასეთი ხელმოწერების წარდგენას,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცესკოში აცხადებენ, რომ ნამდვილად მხოლოდ 13 ხელმოწერა ჩაითვალა, ხოლო დანარჩენი კი ბათილად იქნა ცნობილი.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს დადგენილებით დადგენილი, სპეციალური ბლანკის ნიმუში. ეს ნიმუში გადაეცემა პარტიას, შევსების წინ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას, მათ შორის, "გირჩსაც" გადაეცა ამ ბლანკის შევსების წესი, სადაც დეტალურად არის მითითებული არა მხოლოდ შევსების წესი, არამედ შემოწმების მეთოდოლოგიაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათილად იქნა ყველა ის ხელმოწერა, სადაც პასუხისმგებელი პირის მიერ, ხელმოწერილი დოკუმენტაცია იყო არასწორად მითითებული ან პასუხისმგებელი პირის მიერ, მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას,“ -განმარტავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.
მასალის გამოყენების პირობები






