პაატა ქურდაძე: პარადოქსია, მაგრამ ათასობით კომენტარში რომელიც ყოველ წუთს იწერება ფეისბუქზე მთაწმინდის პარკში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა ვერსიას განიხილავენ - ( მათ შორის ყველაზე დიდი ხალისით ივანიშვილის პირომანობას, რუსულ დივერსიას და მიშას სასწაულმოქმედი ცეცხლის გარდმოსვლას), გარდა მარტივი ადამიანური სიბრიყვისა. არა და თითქოს ყველა თანხმდება რომ ჩვენს ქვეყანში ამ უკანასკნელის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. პარადოქსი იმიტომ არის რომ საკმარისია თბილისიდან გახვიდეთ, ადვილად დარწმუნდებით, რომ ნახევარი საქართველო ღორის მწვადის სუნად ყარს.
რამდენიმე დღის წინ რკონის ხეობაში მომიწია გასეირნებამ... : თუკი სადმე ტყე და ჩრდილი იყო, ყველგან, ყოველ ას მეტრში უზარმაზარი კოცონი გიზგიზებდა, კაცები შამფურებზე ხორცს აცვამდნენ, ქალები ფუსფუსებდნენ... ბავშვებს ეჩხუბებოდნენ ცეცხლს ნუ ეტამაშებითო...მშობლიური, ქართული პასტორალი...
არ ვიცი არსებობს თუ არა საქართველოში კანონი რომელიც კრძალავს ამ ძალიან საშიშ მთვრალ "პიკნიკებს". .. არც ის ვიცი საჭიროა თუ არა იმის დამატება, რომ ყველა მეტნაკლებად ცივილიზებულ ქვეყანაში ველურ ბუნებაში კოცონის დანთება აკრძალულია და კანონით მკაცრად ისჯება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსგავსი და ბევრად უფრო ძლიერი ხანძრები ძალიან ხშირად ჩნდება და მილიონობით ზარალს აყენებს განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებს. თუ ეს საშიში ტრადიცია რაღაცნაირად არ დარეგულირდა, მწვადი ჩვენი არსობისა დაგვღუპავს ერთ მშვენიერ დღეს ან ღამეს. ბოლოს და ბოლოს სპეციალური ადგილები მაინც გამოიყოს მათთვის, ვისაც ბუნებაში გასეირნება და დასვენება ვერ წარმოუდგენია ქეიფისა და ღრეობის გარეშე, ვისთვისაც "გვალვისგან გამომშრალ ტყეში ცვრიანი მწვადი თუ არ ჭამე რაა მამული !
ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






