საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არ აპირებს უკრაინაში არალეგალურად დაბრუნებას და ამ ეტაპზე „ევროპაში იმოგზაურებს“.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „ის ოჯახთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემართება“.
„შემდეგ კი ბრიუსელში გავემგზავრები, რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ლიდერებთან გავმართავ შეხვედრებს“, - ამბობს ის.
მედიასაშუალებასთან საუბრისას სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი, „საბჭოთა დიქტატორული მეთოდების“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ის, რაც პოროშენკომ გააკეთა, არაკანონიერია. მან უკრაინის კონსტიტუცია, მოქალაქეობის შესახებ კანონი დაარღვია. მან ყველაფერი გათელა, რისი გათელვაც შეიძლებოდა და ეს ტიპიურ საბჭოურ სტილში გააკეთა. იფიქრა, ახლა ზაფხულია, მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევსო და რომ მე ვერ შევძლებ უკრაინაში დაბრუნებას და ჩემი უფლებების დაცვას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ, ვინაიდან ისინი არასოდეს ივიწყებენ დიდ უსამართლობას“.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება.
„ჩემი გეგმები უკრაინას უკავშირდება. მივიჩნევ, რომ უსამართლობა მოხდა. მე უნდა დავბრუნდე უკრაინაში და სასამართლოში ჩემი უფლებები დავიცვა. ეს არის ახლა მთავარი. ევროპაში ვიმოგზაურებ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს შევხვდები“, - განაგრძო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






