რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წელი გავიდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩასვლას აანონსებს. აღნიშნულის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ბათუ ქუთელიას დაუკავშირდა.
ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს უპირისპირდება, არამედ ზოგადად მან გამოუცხადა ომი დემოკრატიული სამყაროს ფასეულობებს:
„რუსეთი და მისი რეჟიმი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მთავარი მტერი. ის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოს უპირისპირდება, მან ზოგადად გამოუცხადა ღია ომი დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ფასეულობებს. ამ ბრძოლაში საქართველო არის ფრონტის ხაზზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ამის დემონსტრირება, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის თანმიმდევრული მცდელობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოხდეს და მობილიზებული არის კიდეც, აშშ-ის სანქციები ამის ღია და პირდაპირი დემონსტრირება იყო, იმისთვის, რომ პროცესი წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, აღვიდგინოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობა, საქართველომ თავისუფალ სამყაროსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უნდა შეიმუშაოს კარგად გათვლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში საფრთხეების ღიად და ცალსახად დეკლარირებას, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად შესაძლოა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და ამ პოლიტიკის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რესურსები. ამას ჰქვია ქვეყნის ინსტიტუციური თავდაცვისა და უსაფრთხოები მშენებლობა. ასეთ შემთხვევაში საქართველო შეძლებს, რომ იმ მსოფლიო გლობალურ კონტექსტთა დინამიკას, რაც რუსეთის შეკავებისკენ არის მიმართული, აუწყოს ფეხი და გადაჭრას თავისი პრობლემები“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






