შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, "რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში 8 აგვისტოს ვიზიტი - ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, საქართველოში რუსული აგრესიის 9 წლისთავზე არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს და ზრდის ამ ტერიტორიებზე ექსკლუზიურ კონტროლს".
მისი თქმით, ხელისუფლება ომის შედეგების შეფუებას არ აპირებს.
"ჩვენი გზავნილი და ჩვენი პასუხი არის ძალიან ცალსახა - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის განმავლობაში ადამიანებმა ქვეყნის თავისუფლებისათვის სიცოცხლე გასწირეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოცემულობასთან შეგუებას არ ვაპირებთ. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას. ეს იქნება მშვიდობიანი გზა, ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა, რადგან აღარ დავკარგოთ ახალი სიცოცხლე. ჩვენ განვითარებითა და ქვეყნის გაძლიერებით უნდა დავუპირისპირდეთ განგრძობად ოკუპაციას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






