ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური კანდიდატები დროულად თუ არ გაერთიანდნენ, უკვე მეორე ტურში ერთიანი კანდიდატის დასახელება აზრს დაკარგავს.
„საქართველო არჩევნების ისტორიაში მეორე ტურისთვის ბრძოლა, ეს არის ხელისუფლების გამარჯვებისთვის ბრძოლა. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, ვისაც მართლა სურს ქართული ოცნების დამარცხება, დავივიწყოთ ზედმეტი ამბიციები, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ქართული ოცნება. მოვიდეთ ხელისუფლებაში და დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც პოლიტიკური გაერთიანება ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” ლიდერმა ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, მეორე ტურში არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ გაუუმჯობესებია ის შედეგი, რომელიც მან პირველ ტურში მოიპოვა.
”2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 63 თვითმმართველი ერთეულიდან მეორე ტურის გამართვა 21 მათგანში გახდა საჭირო, ამ 21-დან მეორე ტურში ოცდაერთივეში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვა. 2016 წლის მაჟორიტარული არჩევნების დროს, 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში გახდა მეორე ტურის გამართვა საჭირო, აქედან ორმოცდაათშივე ხელისუფლებამ გაიმარჯვა. ერთი იყო პირობითად დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად აქაც 100%-იანი შედეგი იყო. ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატმა, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, აღარ მიიღო მეორე ტურში მონაწილეობა, რადგან ამას რეალურად აზრი აღარ ჰქონდა, იმდენად დიდი იყო მეორე ტურში ხელისუფლების მობილიზება. მეორე ტურში არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატს არ გაუუმჯობესებია ის შედეგი, რომელიც პირველ ტურში მოიპოვა, ხოლო ხელისუფლების კანდიდატმა მკვეთრი გაუმჯობესება აჩვენა. ქართული არჩევნები დიდი ხანია გადაიქცა რესურსების არჩევნებად და ოპოზიციას არასოდეს ყოფნის ძალა და რესურსი, რომ იბრძოლოს მეორე ტურში”, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






