საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ "საოკუპაციო ძალები მიყვებიან და მავთულხლართებს ავლებენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა არაერთი უპასუხისმგებლო ქმედებით მოუხაზა და მიათვისებინა რუსეთს".
”მორიგი სპეკულაციის მომსწრენი ვართ და უბრალოდ ცინიზმია ამ თემაზე იმათი ქილიკი, ვისაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად, რომ გამოგვგლიჯეს 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მიწაწყლის დიდი ნაწილი. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ეს არის ის მძიმე რეალობა, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება ერთად დგას. ყველაზე მძიმე ამ პროცესში იყო ის შედეგი, რომლიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დადგა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაიკარგა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემდეგი ტერიტორიები. დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლები; ფრონეს ხეობის სოფლები; ახალგორის რაიონი; (ჯამში სამივე ტერიტორიულ ერთეულში წარმოდგენილია 100-ზე მეტი სოფელი); ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - კოდორის ხეობა / ზემო აფხაზეთის ზონის სოფლები (ჯამში 22 სოფელი). და იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ამ ტრაგედიაში ლომის წვლილი თავად მიუძღვით, დღევანდელ ხელისუფლებაზე რაიმეს თქმა არის ზვარგადასული ცინიზმი და თავხედობა.
თუმცა, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და გყავს ასეთი აგრესიული მეზობელი, ვალდებული ხარ პასუხისმგებლობა გამოიჩინო და იმგვარად გათვალო საკუთარი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დააქციო, დანაშაულებრივი სისულელით აგრესიულ მეზობელს ხელი არ შეუწყო ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებაში. ბორდერიზაცია სწორედ 2008 წელს, ნაციონალების მიერ რუსებისთვის ჩაბარებულ მიწებზე ხორციელდება. ყველა პროვოკაციულ ნაბიჯზე ხდება დაუყოვნებელი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ის, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა. საოკუპაციო ძალები მიყვებიან და მავთულხლართებს ავლებენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც სააკაშვილმა სანაკოევის მთავრობის შექმნით, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევით, აგრესიული რიტორიკით, არაერთი უპასუხისმგებლო ქმედებით და საბოლოოდ ომში ჩაყოლით, მოუხაზა და მიათვისებინა რუსეთს. დიახ, ეს არის ტრაგიკული რეალობა. თუ გვეკითხებით კანონიერია თუ არა ეს? რა თქმა უნდა არა! რა თქმა უნდა, რუსეთს ამისი უფლება არ აქვს და რა თქმა უნდა, მის აგრესიას არაფერი ამართლებს. საბაბად კი, რუსეთი სააკაშვილის ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იყენებს. ამიტომ დღეს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და საკუთარი ხელით ქმნიდნენ ამ აბსურდულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკას არავითარ შენიშვნას, მოწოდებას და მითუმეტეს კრიტიკას არ მივიღებთ. მათ რომ მცირედი პასუხისმგებლობა მაინც გამოეჩინათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ყველაფერს გააკეთებდნენ ამ პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად, მაგრამ ყველამ ნახა, რომ მათ სამწუხაროდ, ელემენტარული პასუხისმგებლობა და გონიერება ვერ გამოამჟღავნეს. არ უგრძვნიათ დღემდე პასუხისმგებლობა. რუსეთი არღვევს ყველა კანონს და ნორმას და რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას, საქართველოს მხრიდან ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებრივ პროცესზე - რა თქმა უნდა, მხოლოდ ”ნაციონალურ მოძრაობას”! ამასთან, ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც 2008 წელს ხალხი მიატოვა მტრის პირისპირ და ბედის ანაბარა დატოვა! ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს ხალხს განსაცდელში. მთელი ძალისხმევა მიმართულია მათკენ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავია”, - ამბობს დეპურტატი.
მასალის გამოყენების პირობები






