პოლიტიკურმა მოძრაობამ ცესკო კანონის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ რატომ მიანიჭა "ევროპულ საქართველოს" საარჩევნო ნომერი 2, რომელიც წინა, საპარლამენტო არჩევნებზე „პროგრესულ - დემოკრატიულ მოძრაობას" ეკუთვნოდა.
"ნიუპოსტი" ცესკოს განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
"საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის (8 და 8¹ ) შესაბამისად პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მიკუთვნებული. ამისთვის მან ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველად რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანებას შეუძლია დაიტოვოს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებული რიგით ნომერი ან აიღოს პირველ ნომერი. ამავე წესით რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს.
(თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ენიჭება საარჩევნო ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ იგი აირჩევს მის რიგით ნომერს ან უარს განაცხადებს საარჩევნო ბლოკის ნომრით სარგებლობაზე და აირჩევს ერთ-ერთ რიგით ნომერს, საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომრის გამოყენების ან რიგითი ნომრის არჩევის წესით სარგებლობის უფლება შესაბამისად გადაეცემა ბლოკში დასახელებულ მომდევნო პარტიას და ა. შ.).
თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა"- აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა, თუმცა, რასაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშნვნებით პარლამენტს დაუბრუნა. როგორც მოსალოდნელი იყო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონში შესული ცვლილებები "საკანონდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა და ისინი ძალაშია შესული.
აქამდე მოქმედი კოდექსით, საარჩევნო ნომრის არჩევის უფლება ენიჭებოდა პირველ სამ ადგილზე გასულ საარჩევნო სუბიექტს.
მასალის გამოყენების პირობები






