როგორც „ნიუპოსტს“ პარტიიდან აცნობეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კენჭისყრის საფუძველზე - საარჩევნო #2 სწორედ მათ პარტიას ერგო, უშინ კი "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" ლიდერებმა მედიას განუცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ისინი სწორედ ამ ნომრით იქნებიან წარმოდგენილნი.
მოძრაობის პოლიტიკური მდოვანი ინგა პაპუაშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით რადგან „პროგრესულ - დემოკრატიულ მოძრაობა” უარი არ უთქვამს ამ საარჩევნო ნომერზე არავის ჰქონდა უფლება მიენიჭებინა ეს საარჩევნო ნომერი სხვა პოლიტიკური ძალისათვის.
პაპუაშვილისთვის გაუგებარია, საიდან მიიღო "ევროპულმა საქართველომ" გარანტია, რომ ისინი არჩევნებზე #2-ით წარსდგებიან, რადგან საარჩევნო ნომრების მინიჭების თაობაზე შეხვედრაც კი არ ჩატარებულა.
„დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ - პოლიტიკური გაერთიანება - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" (უგულავა - ბაქრაძე - ბოკერია - ხიშტარია) ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოდიან საარჩევნო # 2 - ით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს გახლავთ ან დეზინფორმაცია ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან კანონის უხეში დარღვევა!
კერძოდ:
როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კენჭისყრის საფუძველზე - საარჩევნო # 2 წილად გვხვდა ჩვენ - „პროგრესულ - დემოკრატიულ მოძრაობას“, რითიც მივიღეთ კიდეც მონაწილეობა არჩევნებში.
შესაბამისად საარჩევნო კოდექსის მიხედვით რადგანაც ჩვენ უარი არ გვითქვამს ამ საარჩევნო ნომერზე და ვაპირებთ ამ არჩევნებზეც იგივე # 2 - ით მივიღოთ მონაწილეობა, არავის ჰქონდა უფლება მიენიჭებინა ეს საარჩევნო ნომერი სხვა პოლიტიკური ძალისათვის.
აქედან გამომდინარე ხვალ გვექნება კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და შემდგომ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით...
იმედია ყოველგვარი გაურკვევლობა ამ კუთხით აღმოიფხვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ სასამართლოს ჩვენი უფლების დასაცავად!
ციტატა საარჩევნო კოდექსიდან:
"მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია
პუნქტი 8.
პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნო პარტიას და ა. შ... თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მათ ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა ზემოაღნიშნული რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
ასე, რომ "ევროპული საქართველოს" განცხადება სრული აბსურდია, ან კიდევ ერთხელ განვმეორდები - ცესკო - მ უხეშად დაარღვია კანონი"- აცხადებენ მოძრაობაში.
„ნიუპოსტი“ ცესკოს დაუკავშირდა, მათი თქმით საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები






