როგორც "ნიუპოსტს" „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა, ისინი შეხვედრაში მონაწილეობისითვის მზად არიან. ბიბილაშვილი ამბობს, რომ პარტიების დამოკიდებულება არ შეცვლილა, რაც გულისხმობს დიალოგს ფართო კონსენსუსის მისაღწევად.
"ეს არის დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების შეხვედრა, აქ არის 15 -მდე პარტია და 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და რჩება, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ვენეციის კომისიის პოზიციაც ანალოგიურია და არ შეცვლილა. ისინი ამბობენ, რომ მთავარია კონსტუტუციაზე საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მაქსიმალური კონსენსუსი მოხდეს. ერთადერთი ვინც ამოვარდნილია კონტექსტიდან ეს არის ხელისუფლება. რომელიც არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე დათმობას არ აპირებს. მიუხედავად ამისა ჩვენ ყველა შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას, მით უმეტეს ვენეციის კომისიის ფარგლებში, რომ გამოჩნდეს ვინ ატყუებს ქართულ საზოგადოებას"- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ვენეციის კომისიის მზაობას, ხელი შეუწყოს კონსენსუსის მიღწევას, დადებითად აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ დიალოგის საგანი უნდა იყოს პრინციპული საკითხები და არა მეორეხარისხოვანი თემები.
,,მივესალმებით ვენეციის კომისიის მზაობას ხელი შეუწყოს კონსესუსის მიღწევას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა თავის თავზე მოერგო კონსტიტუცია, რაც გამოიხატებოდა ,,ქართული ოცნების“ სიხისტესა და დაჩქარებულად სრულ სიმარტოვეში კონსტიტუციის ორი მოსმენით მიღებაში, ოპოზიცია, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამიტომაც, ჩვენ არაერთხლ მივმართეთ ვენეციის კომისიას, ხელისუფლების ეგოიზმის დასაძლევად და კონსესუსის მისაღწევად, მოეცა საშუალება, სწორედ მათი მონიტორინგის ქვეშ გაიმართოს მოლაპარაკება. ჩვენ არ ვაყენებთ წინაპირობებს, მაგრამ მივიჩნევთ, რომ დიალოგის და კონსესუსის საგანი უნდა იყოს პრინციპული საკითხები და არა მეორეხარისხოვანი თემები“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ენმ-ს კიდევ ერთი წევრი თინათინ ბოკუჩავა "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა არ შეცვლილა, ეს ეხება საარჩევნო სისტემას, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი და სხვა ყველა ის თემა, რაზეცდაც, ბოკუჩავას განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობდა ოპოზიცია.
,,რეალობა არის ის რომ ქართული ოცნება საკუთარ თავთან სრულიად მარტოა დარჩენილი ეს ხდება იმიტომ რომ მათ არ ისურვეს მიეღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს"- განმარტა ბოკუჩავამ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ, საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს წერილი მისწერა და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სადისკუსიოდ, 6 სექტემბერს სტრასბურგში მიიწვია. ბუკიკიოს წერილში ნათქვამია, რომ, გარდა ოპოზიციური პარტიებისა, ის ასევე იწვევს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რადგან, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი იმისათვის, რომ მოხდეს კონსენუსის მიღწევა.
მასალის გამოყენების პირობები






