„ნიუპოსტი“ რუსეთის შესაძლო ქმედებებზე და ოკუპანტი ქვეყნის მომავალზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კანონპროექტში ჩამოთვლილია რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის შეფასებული.
შაშკინის შეფასებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს ყველაზე მძიმე სანქციები დააკისრა, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს.
"აშშ-ის სანქციების მნიშვნელობა ძალიან დიდია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას კარგად ესმოდეს. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობამ ე.წ. დაბრუნების წერტილი უკვე გაიარა, ანუ უკან დაბრუნებისა და პრობლემის მოგვარების წერტილი უკვე გავლილია. ობამას პრეზიდენტობის დროს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს თუ შეადარებთ ტრამპის მიერ ხელმოწერილ შეზღუდვებს, ნათლად გამოჩნდება თუ რამდენად მძიმეა ბოლო დოკუმენტი. ეს არის ყველაზე მძიმე სანქცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ გამოუყენებიათ.
რუსეთის პრემიერმა აშშ-ის ახალ სანქციებს სწორად უწოდა ეკონომიკური ომი. პირველად ისტორიაში, ეს სანქციები ეხება როგორც პიროვნებებს, სექტორებს და ბანკებს.
პიროვნებების წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეზღუდვა დაუწესდა პუტინის მეგობარსა და პირად ბანკირს როტენბერგს, ეს ადამიანი განკარგავს რუსეთის პრეზიდენტის ფულს.
სექტორალური სანქციები კი მიმართულია რუსეთის ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აშშ-ის მიერ სანქციები პირდაპირ აისახება რუსულ საბანკო სექტორზეც - რუსულ სახელმწიფო ბანკებს საერთაშორისო ბანკებისგან ფულის 30 დღით მეტი დროით სესხება აეკრძალა. ეს კი საბანკო სექტორის ჩამოშლის წინაპირობაა. როგორც ცნობილია ამ სანქციების საპასუხოდ რუსეთმა სასწრაფოდ გააერთიანა სარეზერვო ფონდი, რითაც გარკვეული დრო მოიგო, თუმცა ფინანსურ პრობლემებს რუსეთი გვერდს მაინც ვერ აუვლის"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთს არ გააჩნია ბერკეტი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით უპასუხოს ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა მისი თქმით, პუტინი რეგიონში პროვოკაციებით ფონის დაძაბვას შეეცდება.
"ეკონომიკური პასუხი რუსეთს არ აქვს, თუმცა კრემლს რაც კარგად გამოსდის ეს პრვოცირებაა. ის შეეცდება დაძაბოს ფონი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. სამწუხაროდ, ამის წინაპირობები არსებობს - როგოზინის პროვოკაცია მოლდოვაში, რუსეთის აქტიურობა საქართველოში - ბორდერიზაცია, მიწების მიტაცება, მოქალაქეების გატაცება და სხვა. ამის პარალელურად არ გამოვრიცხავ, რომ კრემლმა რაღაც გააფუჭოს სირიასა და ირანში, ამისთვის მსოფლიო მზად უნდა იყოს.
ჩრდილოეთ კორეაში სიტუაციის არევის რესურსი პუტინს არ აქვს, თუმცა დარწუნებული ვარ, ამას მაინც ეცდება. პუტინი მძიმე დღეშია, ცივილიზებულმა სამყარომ ხულიგან რუსეთს მისი არასამართლიანი ქმედებების გამო ხელში ჩაარტყა. პუტინს ძალიან მკაფიოდ უთხრეს, რომ მსგავს ქმედებებს აშშ აღარ მოითმენს. თუმცა რადგან რუსეთის აგრესიული ხასიათი ცნობილია, ის შეეცდება გააფუჭოს ყველაფერი იქ, სადაც ხელის მიუწვდება.
სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა ჩვენ მავნებელი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც გეოპოლიტიკა და გლობალურ კონტექტსში საქართველოს როლი არ ესმის და რადგან კრემლს დაეჩოქა, მას ჰგონია, რომ რუსეთი არ შეეხება, ველოდები, რომ რუსეთმა ყველაზე შედეგიანად სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაამწვავოს ვითარება"- განმარტა შაშკინმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და ნაბიჯების გადადგმას საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიღწევად არ აფასებს.
დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ "ხელისუფლებას აშშ-ისკენ ნაბიჯები არ გადაუდგამს, ამერიკა შემოტრიალდა საქართველოსკენ".
"მსგავსი მხარდაჭერა არ არის განპირობებული იმით, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა ამ მიმართულებით, რეალურად ტრამპი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში და კარგად იცნობს საქართველოს პრობლემებს. მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შემოტრიალდა საქართველოსკენ, სწორედ მათ გადმოდგეს პირველი ნაბიჯი. მთავარი შეკითხვა არის ის, რომ ამ მხარდაჭერას როგორ უპასუხებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რამდენად მიხვდება მთავრობა იმ მესიჯებს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააჟღერა.
ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა. რამდენად შეძლებს ის მასმედიის ტერორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნის, კონსტიტუციის დამახინჯების ნაცვლად გადადგას დემოკრატიისკენ ნაბიჯები და აჩვენოს აშშ-ს, რომ ის ნამდვილად არის სანდო, დემოკრატიული პარტნიორი, ამას ვერ გეტყვით.
აშშ-ს მხარდამჭერი განცხადების შემდეგ, ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი იყო პრეზიდენტზე თავდასხმა და გინება იმის გამო, რომ მან ვიცეპრეზიდენტს კონკრეტული წინადადება შესთავაზა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნიკალური შანსი გამოიყენოს ერთმანეთს აგინებენ.
იმავე დღეს, როცა ქვეყანა აშშ-ს მეორე პირს მასპინძლობდა, იუსტიციის მინისტრი გამოდა და თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემა უნდა მოვთხოვოთო. ასეთი მარაზმი, უგუნურობა და მავნებლობა ყოვლად წარმოუდგენელია"- თქვა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






