დოკუმენტში საქართველო 6-ჯერ არის ნახსენები. შეერთებული შტატები, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო, რუსეთის დამატებით შეზღუდვებს აკისრებს.
ხელმოწერამდე, რუსეთმა მიიღო ზომები და აშშ-ს რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის შემცირება მოსთხოვა.
უკვე ცნობილია კრემლის რეაქცია ახალ კანონზე: ,,ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო“ - ამბობს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი.
როგორ აისახება მოსკოვის საპასუხო სიგნალი საქართველოზე და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი… დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას „ნიუპოსტთან“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აფასებს.
ექსპერტთან საუბარი მედვედევის განცხადებით დავიწყეთ:
"ნახევრად ხუმრობით მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევათაგანია, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვეთანხმები. მან შეფასება გააკეთა, რომ ბოლო იმედები დაიმსხვრა აშშ-ის ადამინისტრაციასთან ურთიერთობების, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერში ლომის წვლილი თავად რუსეთს მიუძღვის. კრემლს, რატომღაც, იმედი ჰქონდა, რბილად რომ ვთქვათ, თავისი არასამართლებრივი საქმიანობა ყოველთვის, ყველა ქვეყანასთან გაუვიდოდა. ამ შემთხვევაში აშშ-ის პოლიტიკურ შიდა საქმეებში ღია ჩარევა იგულისხმება - მთელი ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ერეოდა. ბუნებრივია, მოვიდა ის დრო, როდესაც კონგრესმა ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები გამკაცრებულიყო. სხვათა შორის, ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა კიდეც, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა კონგრესსა და სენატში დემოკრატები და რესპუბლიკელები გააერთიანა. ისინი აბსოლუტური უმრავლესობით წინ აღუდგნენ რუსულ საფრთხეს"- განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის სანქციები რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს.
"პრემიერ-მინისტრი მედვედევი ირიბად იმასაც აღიარებს, რომ აშშ-ის სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის სახარბიელო არ იქნება. რთულია ყველაფერი კონკრეტულად რიცხვებში გაიზომოს, თუ რა ზარალს მიიღებს რუსეთის ეკონომიკა. თუმცა შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ეკონომიკა, რომელიც ბოლო დარტყმების შედეგად ფეხზე ახლა დგებოდა და მოლოდინი იყო, რომ 2017 წელს რუსეთი მცირე ეკონომიკური ზრდით დაასრულებდა, აღნიშნული სანქციების შემდეგ, როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, დასუსტებას გააგრძელებს. აშშ-ის სანქციების კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ევროკავშირის შეზღუდვები, რომელიც გრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს სანქციები რუსეთში მომავალ ინვესტიციებსაც ზღუდავს. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმის წინაპირობას ქმნის, რომ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაშიც საგრძნობლად დასუსტდება"- განმარტა ექსპერტმა.
”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი "ნიუპოსტთან" რუსეთის მხრიდან საქართველოში პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
"პუტინი და მისი რეჟიმი შეიძლება კიდევ უფრო საშიში გახდეს. ის შეეცდება სხვადასხვა სახით უპასუხოს ახალ სანქციებს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ, რაიმე სიკეთეს რუსეთისგან არ უნდა ველოდოთ, პირიქით - გააძლიერებს თავის ანექსიურ პოლიტიკას, ე/წ. ბორდერიზაციას და სხვა მავნებლურ და მანკიერ გამოვლინებებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მე ველოდები, რომ რუსეთს ნელა, მაგრამ მაინც მოუწევს საერთაშორისო სამართლის ველში დაბრუნება, ვგულისხმობ ანექსიური საფრთხეების განეიტრალებას და დეოკუპაციის დასაწყისს. საერთაშორისო თანამეგობრობა საბოლოოდ შეთანხმდა, რომ წინ აღუდგეს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს"- დასძინა გაფრინდაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






