ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მოსკოვისგან, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან თინათინ ბოკუჩავასთან შეეცადა.
დეპუატატის თქმით, როცა "საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ფარდა აეხადა, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტის მიმართ კვლავ მამებლური პოლიტიკითაა დაკავებული რაც "ქართული ოცნების" მავნებლობით აიხსნება":
"ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან. ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ვიზიტისას მან განაცხადა ღიად, რომ კონგრესის მიერ მიღებულ სანქციებს აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერდა. თავიდან, თითქოს გარკვეული წუხილი არსებობდა, რომ თუ რამდენად იყო პრეზიდენტი მზად რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის, მაგრამ აღნიშნული აქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აშშ-ის ორივე სახელისუფლო შტო სრულადაა მომართული იმისკენ, რომ რუსეთი უფრო შეზღუდოს და გაუმკაცროს პოლიტიკა, აიძულოს ჩაჯდეს საერთაშორისო სამართლის ფორმატში. არ გამოიყენოს ისეთი აგრესიული პოლიტიკა, როგორიც მან უკრაინაში გამოიყენა.
სამწუხარო ასეთ ვითარებაში არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები არის სრულიად არაადეკვატური, რადგან მაშინ როცა აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საქართველო არ შეუერთდა ამ სანქციებს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ცდილობენ ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, მაამებლური და სრულიად კონტრპროდუქტიული პოლიტიკა აწარმოონ რუსეთის ფედერაციასთან. ეს საერთაშორისო საზოგადოებაში სრულ გაუგებრობას იწვევს. მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ ვუერთდებოდეთ აღნიშნულ სანქციებს და ვიყოთ ამ პირობის ნაწილი, ამ სანქციებში უნდა იდოს არამარტო ყირიმის დეოკუპაცია და ანექსიის პროცესის შეჩერება, არამედ უნდა იდოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. მიზეზი თუ რატომ არ არის ეს საკითხი აქტუალური, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული მავნებლობაა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.
თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის საგარეო პოლიტიკის ნაწილად მოაზრება ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების უგულვებელყოფაა.
დეპუტატის განცხადებით,ნაციონალური მოძრაობა კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას დიდი ხანია ითხოვს. ბოკუჩავა "ნიუპოსტთან" ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის უპირატესობაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
"საქართველოს ინტერესია შენარჩუნდეს რუსეთთან ურთიერთობის მთავარი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობენ აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო, ამის პარალელურად კი შენ ქმნი შესაძლებლობას, რომ რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებები შინაარსისგან დაცალოს და თქვას, რომ მას აქვს მეორე ფორმატი, რა თქმა უნდა ეს არის წარმოუდგენელი მავნებლობა და რუსეთისთვის შანსის მიცემა, რომ დეოკუპაციის მოლაპარაკებები ისეთ ფორმატში გადაიყვანოს, სადაც მხოლოდ თვითონ იქნება გამარჯვებული და სადაც ჩვენი ინტერესების დამცველი კაციშვილი არ იქნება"- აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა "შეწყვიტოს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან წარმოებული „წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის“ შესახებ საუბარი, რადგან ნებისმიერი ასეთი ტიპის სპეკულაცია იწვევს საქართველოს დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაქვეითებას".
"ნიუპოსტთან" საუბრისას სპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მავნებლურ პოლიტიკას ფარდა აეხადა.
"მაშინ როცა რუსეთს გაეცა ძალიან კონკრეტული და მკაცრი პასუხი, ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ როცა საერთაშორისო კონექტურა ჩვენი ინტერესებისკენ მოტრიალდა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ამბობს, რომ მოდი ჩვენ არ გავაბრაზოთ რუსეთი და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე ხმამაღლა არ ვისაუბროთ. არ შევიმჩნიოთ რომ მავთულხლართების გადმოწევა ხდება, არც იმაზე ვსაუბრობთ, რომ საოკუპაციო ხაზიდან ადამიანებს გვტაცებენ, გვიხოცავენ მოქალაქეებს. ეს სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა და საერთაშორისო სამყაროსთვის ზურგის შექცევა და ჩვენი ქვეყნის პუტინის ხახაში ჩაგდება"- დასძინა თინათინ ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






