დეპუტატის თქმით, დავით ნარმანია "ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების მონურად შემსრულებელი მერია".
ოპოზიციის წევრი მერის საქმიანობას დანაშაულებრივს უწოდებს და კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს.
"დავით ნარმანიამ სამწლიანი ანგარიში მხოლოდ მთავრობის წევრებს კი არ უნდა წარუდგინოს, რომელთა მონაწილეობითაც მას მრავალ დარღვევებზე აქვს ხელი მოწერილი, მას ანგარიში უფრო ფართო წარმომადგენლობასთან, თბილისის საკრებულოს წევრებთან, საზოგადოებასთან უნდა განიხილოს. მან, საზოგადოებას უნდა ჩააბაროს ანგარიში. თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორია ნარმანიას სამი წელი. მისი თბილისის მერობა ყველა მიმართულებით წარუმატებელი იყო.
გზების დაგებას რაც შეეხება, ჩვენ ვიცით უამრავი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ლოკაციაზე რამდენჯერმე მოხდა გზის დაგება. რითაც მილიონები გაიფლანგა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გარკვეულ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით.
რაც შეეხება შინდისი-კრწანისის გზას, ეს გზა ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და იმ დასახლებული პუნქტებისთვის, რომელიც 2009 წლიდან თბილისის შემადგენლობაშია. როდესაც გზის გაყვანასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოვიდა პროექტი, რაც 700 ძირი ხის მოჭრას ითვალისწინებდა, საკრებულოს ოპოზიციურმა სპექტრმა ყველამ დავიჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა რომ ხეების მოჭრა ჩვენთვის მტკივნეული იყო. ჩავთვალეთ რომ გზის გაყვანა უფრო მნიშვნელოვანი იყო დასახლებული პუნქტებისთვის, თუმცა საბოლოოდ მოხდა ის რომ დავით ნარმანიამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შეცდომაში შეიყვანა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია და მოახდინეს პროექტის ცვლილება. ხეები დარჩა მოჭრილი, ივანიშვილმა კი გადაწყვიტა, რომ ეს გზა მის გოლფის მოედანზე უნდა გასულიყო. გაზის მილის გადატანაც კი ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილმა პირველადი ტერიტორია მოისუფთავა და იქ გააჩაღა მშენებლობა. ნარმანია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების მონურად შემსრულებელი მერია.
ნარმანიას მთავარ დაპირებასაც შეგახსენებთ, რომელსაც მილიონი ხე უნდა დაერგო. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რა გაკეთდა ამ მიმართულებით. ვნახეთ მის მიერ და ქალაქის გამწვანების სამსახურის მიერ დარგული ხის ჩხირები, რომელიც გახმა. დღეს თბილისი ბევრად უფრო კატასტროფულად გამოიყურება გარემოს დაცვის, დაბინძურების, გარემოს დაცვის, საცობების მიმართულებით ვიდრე ეს წლების წინ იყო.
ბოლოს, ნარმანიას მუშაობა შემიძლია შევაფასო დანაშაულებრივ საქმიანობად. უუნარობა ძალიან რბილი შეფასებაა, რადგან ძალიან ხშირ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებებს დანაშაულებრივი ხასიათი ჰქონდა. მე შეგახსენებთ ნაზღაიძის საქმეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ქრთამის სახით გადაეცა მოძრავი და უძრავი ქონება, გარკვეული თანხა. ფარცხალაძესთან დაკავშირებით კი ფაქტობრივად რეკრეაცია შეუცვალა ზონას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიას მრავალსართულიანი შენობები ჩაედგა. ამიტომ დავით ნარმანიას მუშაობის დადებითად შეფასება გამიჭირდება"- განუცხადა "ნიუპოსტს დათუკიშვილმა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მასალის გამოყენების პირობები






