არსებული ინფორმაციით, სოფელ არცევთან მორიგი ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება 3 აგვისტოს დაიწყება. საინჟინრო სამუშაოები 18 აგვისტომდე გაგრძელდება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები პროფილაქტიკური ხასიათისაა და რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით არასასურველი პროგნოზს გამო ტარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ რუსულ პროვოკაციებს რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ არ მოახდინოს ის პროგრესი, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ენ გავძლიერდეთ, განვვითარდეთ და მოვძებნოთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა და ასევე, დეოკუპაციის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობა,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ე.წ. საზღვართან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების განთავსება იგეგმება, წარმოადგენს პროვოკაციის მცდელობას.
“ეს წარმოადგენს პროვოკაციის მცდელობას, ძალიან გამიზნულ პროცესს, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ მუდმივი დაძაბულობა შექმნას ქართულ საზოგადოებაში. შექმნას ერთგვარი სასოწარკვეთის განცდა ან რამენაირად შეარყიოს აღებული კურსი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და მთლიანად საზოგადოებას. ვერ მიაღწევს ამ მიზანს იმიტომ, რომ ჩვენი კურსი არის სრულიად შეურყეველი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადგილზე მოსახლეობას” აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






