პენსიმ განსაკუთრებული და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის ვიზიტს საქართველოში კი „რუსეთისთვის პასუხის გაცემა“ უწოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე საუბრობს ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებზე და იმაზე, თუ რას მოუტანს ეს ყოველივე საქართველოს:
„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, პოლიტიკური კლასი აცნობიერებს იმას, რომ საქართველო არის მათი მოკავშირე, ეს არის ის კურსი რომელიც ჩვენმა ერმა შეგნებულად აირჩია. ჩვენ ყველამ აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერების გრძნობა აშშ-ის მიმართ, იმ თვალსაზრისით, რომ ეს დიდი ქვეყანა ასეთ ფინანსურ-პოლიტიკურ კაპიტალს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გახდეს თავისუფალი და დემოკრატიული.
არც ამ ვიზიტის დრო, არც გზავნილები არავის აძლევს საშუალებას, რომ დაეჭვდეს იმაში, შეერთებული შტატები საქართველოს თვლის თუ არა მხოლოდ მოკავშირედ, არამედ გეოპოლიტიკურ წერტილად, რომელიც მის ინეტერსებთან თანხვედრაშია. ეს ვიზიტი არის ქართველი ერის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური განვითარების მხარდაჭერის ჟესტი“, - განაცხადა ვაშაძემ „tvპირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით როდესაც აშშ-ის მეორე პირი საქართველოში ესტონეთის შემდეგ ჩამოდის და საქართველოდან მონტენეგროში მიდის, ეს შემთხვევითი არ არის:
„შეერთებული შტატები არ ჰგავს ზოგიერთ სხვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრებს, ის მხარს უჭერს ქართველ ერს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის დამსახურებაა.
აშშ-ს აქვს სრულიად განსხვავებული ფუნქცია მსოფლიოს წესრიგში და ახალი ადმინისტრაციაც სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს.
როდესას ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ჩადის ჯერ ესტონეთში, შემდეგ ჩამოდის საქართველოში, სადაც მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები და ამის შემდეგ მიემგზავრება მონტენეგროში, რომელიც გახდა ნატო-ს წევრი 2016 წელს, ეს შემთხვევითი არ არის“, - დასძენს ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძე ასევე იხსენებს პენსისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრას:
„ნიკა მელიას საშუალება არ ჰქონდა და არც უფლება, რომ ციტირება მოეხდინა ვიცე-პრეზიდენტის გამონათქვამების, თუ ვინმეს ხელისუფლებაში ჰგონია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ვერ ხედავს გაორებას, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, იმ სურვილს, რომ ერთდროულად გაწევრიანდე ნატო-ში და კარასინის სკამზე იჯდე, ახალ დაპირისპირებაში ცივილიზებული დემოკრატიულ დასავლეთსა და რუსეთს შორის არ მოუწევს საქართველოს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, ეს ხალხი ძალიან ცდება, ჩვენი ეროვნული ინტერესები შეეწირება ამ არასწორ აღქმას. შეერთებულ შტატებს არ აინტერესებს ვინ არის ხელისუფლებაში, თუ ეს ხელისუფლება არის დემოკრატიულად ან მეტნაკლებად დემოკრატიულად მოსული.
როდესაც აშშ-ის მეორე პირი საქართვეოში იყო, მან ყველა აზრი მოისმინა, დარწმუნებული იყავით, რომ აქ ჩამოსვლამდე მას მაგიდაზე დაუდეს არაერთი კარგად მომზადებული მასალა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რა გზავნილებით მოვიდა ეს ხელისუფლება, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი, იმასაც რომ მათ იციან როგორ უნდა ელაპარაკონ რუსეთის ფედერაციას, რათა აღიაროს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ერთი და იმავე ხაფანგში თავი არ უნდა გავყოთ მუდმივად, რუსეთის ფედერაციას მთლიანი და დამოუკიდებელი საქართველო არ სჭირდება, ჩვენ ვართ ხელიშემშლელი რუსეთის იმ სტრატეგიული მისწრაფებისა, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში გეოსტრატეგიულ დომინირებას. საქართველოს დამოუკიდებლობამ რუსეთს ეს ფუნქცია წაართვა, ამიტომ, ჩვენ ჩვენი ინტერესები ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, უნდა ვიმეოროთ ერთი და იგივე მთავარი მანტრა, რომ საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური მისწრაფება არის, რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. არ აქვს მნიშვნელობა მესამე ქვეყნის ინტერესებს. ამას თუ თავად არ გავაკეთებთ, ვერავინ დაგვეხმარება. ჩვენი დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პოზიციებში ჩვენს ბევრ მოკავშირეს ეჭვი ეპარება“, - აღნიშნავს ვაშაძე.
ენმ-ის წევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა:
„მოვიდა დრო, რომ ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკა მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ და გავიგოთ, რომ არ არსებობს არცერთი საქართველოს მოქალაქისთვის უკეთესი მოკავშირე, ვიდრე მეორე საქართველოს მოქალაქეა“, - დასძენს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






