ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:
"დღეს დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას და იმ საინტერესო პროცესებს, რაც საქართველოს დემოკრატიის ირგვლივ ვითარდება. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს და ეს მხარდაჭერა, მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ჩვენი იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე -ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე!", - წერს კალაძე Facebook-ზე.
მასალის გამოყენების პირობები






