"დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს არამედ ამ მოკლე პერიოდში შეძენილ დიდ მეგობარს მაიკ პენსს, მოხარული ვართ რომ იგი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მიუხენში ჩვენი მოკლე გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, პატივი მქონდა ვიცეპრეზიდენტის მიწვევით გამემართა შეხვედრები ვაშინგტონში და დღეს კი თბილისში გვქონდა დიალოგი. თქვენი სტუმრობა ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის და თქვენს დიდ სურვილს გააღრმაოთ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა და მეგობრობა რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
წელს 25 წელი შესრულდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების და ნატოში გაწევრიანების გზაზე იყო და არის უმნიშვნელოვანესი. თქვენი დახმარებით საქართველო დღეს არაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ასევე ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში. ქართველი ხალხი დიდად აფასებს ამერიკელი ხალხის მეგობრობას გვერდით დგომას და მტკიცე მხარდაჭერას.
ბატონო ვიცეპრეზიდენტო, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის. პირველ რიგში მინდა გამოვყო ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. თქვენი შეხვედრა ღირსეული პარტნიორის წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წელს ჩვენ შევათანხმეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობისთვის. აშშ-მ ძალიან დიდი ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს მთელი ამ 25 წლის განმავლობაში"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






