მელია ამერიკელი მაღალჩინოსანის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ვიზიტის შედეგებს ქვეყანა უახლოეს პერიოდში იგრძნობს.
"ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი უკვე არის დადასტურება იმისა რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და მაიკ პენსი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. მათი მხარდაჭერა ჩვენს მიმართა 100%-იანია. ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე. ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩვენზე ნაკლებად ხედავს და გრძნობს, გაორებული გრძნობა აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლებამ აშშ-ს უნდა აგრძნობინოს, რომ დიახ, ისიც 100% - ით მზად არის თანამშრომლობისთვის და იყოს პარტნიორი. ეს არის ამ საზოგადოების ურყევი ნება და არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება გადახედოს საგარეო კურსს. მთელი ამერიკული კლასი, არამარტო ადმინისტრაცია, კარგად არის გათვიცნობიერრებული თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. ვინ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვინ ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას"- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხო.
"ვისაუბრეთ იმაზე რომ ერთპარტიული გადაწყვეტილებაა მიღებული და "ქართული ოცნება" თვითიზოლაციაშია და მხოლოდ მას სურს ამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს, სრულიად ოპოზიცია, ვენეციის კომისია, საერთაშორისო ორგანიზაციები და პრეზიდენტი კი სხვა მხარეს დგანან. საუბარი იყო ასევე უსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან მტკივნეული საკითხია. სწორედ ამ ადგილიდან 50 წუთის სავალზე დგანან რუსული ტანკები და ჩვენ ამ თემას გვერდს ვერ აუვლიდით.ვისაუბრეთ ასევე სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობაზე. უსაფრთხოება არის ის ქვაკუთხედი, რომელიც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს"-თქვა ენმ-ს ლიდერმა.
მელიას თქმით, პენსმა ჯერ კიდევ საქართველოში ვიზიტამდე პოლიტიკური გზავნილი გააკეთა, როცა თქვა, რომ "რუსეთი ცდილობს საერთაშორისო სამართლით აღიარებული საზღვრების შეცვლას. მას სურს დაასუსტოს სუვერენული ერების ინტერესები".
"ეს ყველაფერი კარგად ესმის მაიკ პენსს, როცა ყოველდღიურად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, და პრაქტიკულად სახელმწიფოებრივი საფუძვლებია მორღვეული. ამ ისტორიულ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქვეყანას, არ უწერია საგარეო კურსის შეცვლა, რადგან ეს ხალხი, არ დაუშვებს ერთი ოლიგარქის ნება-სურვილის მიხედვით საგარეო და საშინაო სურვილების გატარებას"- განმარტა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, შეხვედრაზე საუბარი მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაზეც იყო საუბარი.
„გვქონდა საუბარი ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელმაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ამ ქვეყანაში. ის, რომ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საამისოდ, ამაზეც გვქონდა საუბარი, თუმცა მე დავიტოვებ უფლებას, რომ დეტალებზე არ ვისაუბრო ეთერში. არის საკითხები რომლისგანაც ახლა თავშეკავება უმჯობესია, მომდევნო პერიოდში ჩვენ ყველა მივხვდებით რა საუვარი შედგა. შეძრწუნებულია ადამიანი, როცა იდევნება პრეზიდენტი და ადგილი აქვს შურისძიებას. ეს დევნა ქვეყანას ვერ განავითარებს და ეს კარგად ესმის მაიკლ პენსს. როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის დევნილი და ქვეყანაში ვერ ჩამოდის და როცა ქვეყანას ჰყავს ოლიგარქი, რომელიც ზის სახლში და იქიდან მართავ ქვეყანას, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






