,,ღირსეული პარტნიორი 2017” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან კი ქართველი და უცხოელი სამხედროები თბილისის შემოგარენში სწავლებას დაიწყებენ.
ჯავშანტექნიკა, რომელიც ბორანზე ბულგარეთში აიტვირთა, ფოთის პორტში შემოვიდა და ვაზიანამდე 350 კილომეტრი გაიარა. ტექნიკის გადასასვლელად სოფელ ჭალადიდთან საგანგებო ხიდი აიგო. ფოთიდან ვაზიანამდე ჯავშანტექნიკას გზაში დაახლოებით 10 საათი დაჭირდა.
დღეს მორიგი კოლონა დაიძრება, რომელიც გზად 4 ქალაქში, მოსახლეობასთან შესახვედრად გაჩერდება.

ამერიკელი სამხედროები მსვლელობის პოლიტიკურ სიგნალს უარყოფენ. აშშ-ს მეორე საკვალერიო პოლკის მეთაური ,,პოსტსკრიპტუმთნა“ ამბობს, რომ საგზაო მარშის იდეით საქართველოს ხელისუფლებას თავად მიმართეს.
,,არანაირი პიარი, ეს ჩვენთვის სწავლებების გაგრძელებაა. საგზაო მარშის იდეით საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ მივმართეთ. გერმანიიდან ვიარეთ და ლოგიკური იქნებოდა მსვლელობა საქართველოშიც გაგვეგრძელებინა. გვინდა ვაჩვენოთ, რა შეუძლია პოლკს და როგორ გადაადგილდება გზებზე საკუთარი ტექნიკით“ - აცხადებს პატრიკ ელისი.
საქართველოს ღირსეული პარტნიორები, რომელთაგან 5 ნატოელია, ვაზიანის პოლიგონზე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ. მონაწილეებს შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

მასალის გამოყენების პირობები






