„პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ეს კანონი საამაყოა,რადგან ჩვენი ახალგაზრდობის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ამ კანონით დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, რაც შეიძლება, უსიამოვნო იყოს თამბაქოს ინდუსტრიისათვის, მაგრამ საჭირო და სასიცოცხლოა არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, არამედ სრულიად კაცობრიობისთვი,“ - აღნიშნა ჩხეიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ქვეყნების რეალობასა და ამ ქვეყნების მიერ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ გაცხადებულ პოლიტიკასთან.
„წარმოდგენილი პროექტით, სრულიად უარგუმენტოდ და ცრუ ინფორმაციების მოშველიებით, ავტორები ცდილობენ, ისეთი ყველაზე ეფექტური საშუალების ამოქმედების 5 წლით, 2022 წლამდე გადაწევას, როგორიცაა თამბაქოს კოლოფის ე.წ. სტანდარტიზებული შეფუთვა და თამბაქოს კოლოფის ხილვადობის შეუძლებლობა. ასეთი კანონპროექტი შემოდის საქართველოს პარლამენტში მაშინ, როცა ინგლისის უზენაესმა სასამართლომ, წელს, 12 აპრილს, უარი უთხრა „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“, „იმპერიალ ტობაკოს“, „ჯი ტი აი“-ს და „ფილიპ მორისის“ ერთობლივ საჩივარს სწორედ სტანდარტული შეფუთვის წინააღმდეგ და, ერთწლიანი განხილვების შემდეგ სასამართლომ „არადამაჯერებლად და არასანდოდ მიიჩნია თამბაქოს კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
მისივე თქმით, დღეს ინგლისში, საფრანგეთსა და ევროპის კიდევ 9 ქვეყანაში თამბაქო სწორედ სტანდარტული, ანუ ერთიანი შეფუთვის მქონე კოლოფებით იყიდება. ასეთ კოლოფებზე მხოლოდ პროდუქტის სახელწოდება წერია, დანარჩენი ადგილი კი სამედიცინო გაფრთხილებასა და პიქტოგრამას უჭირავს.
„საქართველოს პარლამენტში სტანდარტული შეფუთვის 5 წლით გადავადებას ითხოვენ მაშინ, როცა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ, რომელიც ევროკავშირის სამართლის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოა და რომლის გადაწყვეტილებაც არსად საჩივრდება, კანონიერად მიიჩნია ევროკავშირის დირექტივა, რომელიც თამბაქოს ზემოაღნიშნულმა მულტინაციონალურმა ფირმებმა გაასაჩივრეს,“ - განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 20 მაისამდე ევროკავშირის ქვეყნებმა თამბაქოს პროდუქციის რეალიზება მხოლოდ სტანდარტული შეფუთვით მოახდინონ.
„ჩვენი პარლამენტარების პროექტში არასწორად არის მითითებული და საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები მხოლოდ 2020 წლიდან გეგმავენ ასეთი სტანდარტის შემოღებას და მერე სრულიად გაუგებარ გარდამავალ პერიოდსა და დაკვირვებაზე მიუთითებენ. არადა, ევროკავშირის დირექტივით , აღნიშნული დროისთვის დასრულებული უნდა იყოს კოლოფის სტანდარტული შეფუთვის პროცესი, რაც დაადასტურა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ და ასევე, ინგლისის უზენაესმა სასამართლომ.
ჩემდა გასაკვირად, კანონპროექტში წარმოდგენილი არგუმენტები ზუსტად ესადაგება ზემოაღნიშნულ მულტინაციონალური კომპანიების მიერ თავიანთ საჩივრებში წარმოდგენილ თემებს. როგორც ჩანს, თამბაქოს მულტინაციონალურ ინდუსტრიას იმედი აქვს, რომ იმას, რასაც ვერ მიაღწია ევროსასამართლოსა და ინგლისის უზენაეს სასამართლოში, მიაღწევს აქ, საქართველოს პარლამენტში. თუ ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ გაცხადებული სურვილია და არა - ფარსი, კიდევაც უნდა მივდიოთ ევროპულ წესებს და არ ვიქცეთ ბანანის რესპუბლიკად,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ, რომელსაც კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი იმისათვისაა, რომ საშვილიშვილო გადაწყვეტილებები მიიღოს: „დიახ, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები და ზოგადად, საშვილიშვილო გადაწყვეტილებები, რაც ამ კანონის მიღებისას გაცხადდა კიდეც და არ ცვალოს ის პირად საშვილიშვილო ინტერესების შესაბამისად. მით უფრო, რომ ამ კანონპროექტზე 19 პარლამენტარის ხელმოწერა მხოლოდ შთამბეჭდაობის გამოა და აქედან, ვფიქრობ, 15 დეპუტატი ხელს მხოლოდ კოლეგების სოლოდარობისთვის აწერს, კანონპროექტში ჩაწერილი არსისა თუ კანონპროექტის შემოტანის ფაბულაში წვდომის გარეშე.“
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნატო ჩხეიძემ კოლეგებს ურჩია, რომ აღნიშნული საჩოთირო პროექტისთვის, რომელიც ევროპას და დასავლურ ფასეულობებს გვაშორებს, მხარი არ დაეჭირათ.
მასალის გამოყენების პირობები






