„გუშინ ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ სახეზეა გარიგება ორ ოლიგარქს შორის, გარიგება, რომლის მიზნებიც სრულ თანხვედრაშია ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მტრის - რუსეთის მიზნებთან.
იმედი გვქონდა, რომ 5 წლის თავზე მაინც საქართველოს ხელისუფლება შეძლებდა და გადააბიჯებდა იმ ვიწროპარტიულ ბოღმას, რომელიც ჰქონდა და სახელმწიფოებრივად მიუდგებოდა მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, დღეს აშკარაა, რომ ის ერტადერთი მიზანი და მიზეზი, რომელიც მას ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა.
ასევე აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს ან როგორც მინიმუმ, სრულ სინქრონშია მის პოლიტიკურ მიზნებთან. ამ გარიგებით ორ ოლიგარქს სურს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოაშოროს ის ადამიანი, რომელიც არის რეგიონში ანტიპუტინური კამპანიის მთავარი ფიგურა და პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელებული დემოკრატიული, ანტიკორუფციული რეფორმების ერთადერთი მაგალითი და სიმბოლო.
ამ გარიგებით ოლიგარქებს სურთ რეგიონში შეასუსტონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების განზრახვა და გააძლიერონ ანტიდასავლური ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ქართველ და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სამ თვეში საქართველოში არის ადგილობრივი არჩევნები, ბევრს ვსაუბრობთ ხალხის ნების მოსალოდნელ გაყალბებაზე, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ძალადობაზე. ივანიშვილის შავ ფულზე, ლეგალიზებულ მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის და ქურდული სამყაროს ორგანიზებულ გამოყენებაზე არჩევნების შედეგების შესაცვლელად.
როგორ შეიძლება სამართლიანი და დემოკრატიული ეწოდოს იმ არჩევნებს, იმ საარჩევნო გარემოს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ქვეყნიდან პოლიტიკური მიზნებით დევნილი და ვერ ბრუნდება ქვეყანაში. როდესაც ჩვენი სხვა ლიდერები არიან ან ციხეში გამოკეტილი პოლიტიკური მიზნებით ან ასევე იძულებით პოლიტიკურ დევნილობაში. როდესაც ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეზე არის და ახლაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, უადგილოა არჩევნების ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი, მაშინ, როდესაც მეხუთე წელია ქვეყანაში ფეხქვეშ ითელება მთავარი დემოკრატიული პრინციპები. როდესაც ორგანიზებულად იდევნება დემოკრატიული, პროდასავლური იდეა.
სააკაშვილის წინააღმდეგ დღეისათვის მიმდინარეობს 4 საქმე, არცერთ მათგანზე ამ ეტაპზე განაჩენი არ დამდგარა, ნებისმიერი კეთილსინდისიერი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ ოთხივე ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოებრივად სრულიად სამარცხვინო და რაც მთავარია ამხელს ივანიშვილის რეჟიმის რეალურ მიზნებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს ქართველი ხალხის მიზნებთან და მისწრაფებებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვითხოვთ და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის და დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციის დევნა საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ბედი და დემოკრატიული ოპოზიციის ბედი საქართველოში არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა ივანიშვილების ოჯახის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი და არა ივანიშვილის და მეორე ოლიგარქის კულუარულად გარიგების გადასაწყვეტი, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ ვწყვეტთ მის მომავალს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყანაში ივანიშსვილის პუტინისადმი ლოიალურად განწყობილი ოჯახახურ-კლანური რეჟიმის დასასრულებლად“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






