საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშილს უკრაინის მოქალაქეობა ქვეყნის საემიგრაციო სასმახურმა ჩამოართვა, ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. თავად მიხეილ სააკაშვილი აპირებს ბრძოლას უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულ საკითხზე კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა, ექსპერტმა განმარტა ის ბერკეტები, რომლებიც შესაძლოა ამოქმედდეს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ადამიანების შემთხვევაში:
„1954 წლიდან არა ერთი საერთაშორისო აქტი იქნა მიღებული სხვადასხვა ფორმატში, კერძოდ გაეროს და ევროსაბჭოს ფორმატში, რომელიც შეეხება მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ პირთა დაცვას ან რაოდენობის შემცირებას. წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, პრობლემა კი საკმაოდ მასშტაბურია, რადგან დღევანდელ სამყაროში ადამიანი არის უმთავრესი არსება და არ უნდა იყოს შესაბამისი სტატუსის გარეშე, მას უფლებებით სარგებლობის ეფექტური საშუალება უნდა ჰქონდეს და უნდა იყოს ე.წ. მფარველობის ქვეშ, იქნება ეს კონკრეტული ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. ამის მიხედვით განსხვავება ის არის, თუ კონკრეტულ ადამიანს რომელიმე ერთი ან ორი სახელმწიფო მიანიჭებს სტატუსს, ისარგებლებს შესაბამისი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებებით ამ სახელმწიფოში, თუმცა საერთაშორისო უფლებებით ისარგებლებს სხვა სახელმწიფოებშიც. იგივე გაეროს მფარველობაც. რა თქმა უნდა ანალოგიურ საშუალებას აძლევს ამ მოქალაქეს. თუმცა ეს მექანიზმები ვერ ამოქმედდება, თუ ამის ნება არ გამოთქვა კონკრეტულმა ადამიანმა და ეს არის უმთავრესი გამოწვევა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, გაეროს მფარველობაზე მან შესაძლოა უარი თქვას და გააგრძელოს ბრძოლა უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად.
საკმაოდ პრობლემურია ეს საკითხი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაადგილების საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაშიც იგულისხმება გადაადგილება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ორივე შემთხვევაში პრობლემაა სახეზე, როგორც მინიმუმ, მას შესაბამისი დოკუმენტები არ ექნება. გარდა ამისა, სამართლებრივი პროცედურების წარმოება, ამ საკითხის მოსაგვარებლად სასამართოში უნდა შეიტანო სარჩელი ამა თუ იმ ქვეყანაში ან უნდა გასცე მინდობილობა ერთი ქვეყნიდან მეორეში, ორივე შემთხვევაში საჭირო გახდება შესაბამისი დოკუმენტი. იგივე საბანკო დაწესებულებაში მისვლის დროს რაიმე ტრანზაქცია სჭირდება ადამიანს, ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არსებობს კიდევ არაერთი ფუნდამენტური, ძირითად უფლებებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შესაძლოა ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდეს, როდესაც მოქალაქეს ეს საშუალება შეზღუდული აქვს.
სწორედ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად არის შექმნილი ნიუ იორკის ორი კონვენცია, სტრასბურგის კონვენციები, მაგრამ იძულებით მოქალაქეობის მინიჭება შეუძლებელია და ამ შემთხვევაში ადამიანი შესაძლოა დარჩეს ყოველგვარი სამართლებრივი დაცვისა და მფარველობის გარეშე“, - აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი.
არის თუ არა კანონიერი უკრაინის ქმედება მოქალაქეობის ცამორთმევასთან დაკავშრებით - ლევან ალაფიშვილი აღნიშნულ საკითხზეც საუბრობს:
„უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მოქალაქეთათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას კრძალავს, თუმცა არა კონსტიტუცია არამედ მოქალაქეობის შესახებ კანონი ითვალისწინებს შემთხვევას მოქალაქეობის შეწყვეტისა. ერთ-ერთი საფუძველი მათ კანონში, ისევე როგორც ჩვენ კანონში, არის არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეობის მინიშწების დროს, ამ შემთხვევაში უქმდება ის აქტი, რომლითაც მას ეს უფლება მიენიჭა. ეს არის გარკვეულწილად მსგავსი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა შეუწყვიტა ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და თავის დროზე არ მიაწოდა ეს ინფორმაცია კომპეტენტურ ორგანოებს, გარკვეულწილად ემსგავსება გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, მაგრამ სხვა საფუძვლით, რომ მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამჯერად კი უკრაინამაც იგივე საფუძველი გამოიყენა მოქალაქეობის შეწყვეტისთვის" - აცხადებს ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






