დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ აზრი გაყოფილია, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია- NDI
პოლიტიკა - 11:11, 27 Jul, 2017     1059
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი უახლესი კვლევის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების აზრი გაყოფილია. თუმცა, მოქალაქეები უმეტესად პოზიტიურად აფასებენ სიტყვის თავისუფლების (51 პროცენტი), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა (35 პროცენტი) და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით (36 პროცენტი) არსებულ მდგომარეობას. მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობა, ხოლო მესამედზე ნაკლებმა კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მთავრობის მიერ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა.

მოსახლეობის 72 პროცენტს სმენია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ორი თვის წინ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება. ამათგან მხოლოდ 14 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა. მათგან ვისაც სმენია ამის შესახებ, 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდართან დაკავშირებით, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება, ხოლო 82 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან მას ადამიანის უფლებების დაცვა ავალია.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტად დაისახა, განაგრძნოს რეგიონში ამ კუთხით ლიდერობა და იყოს თავშესაფარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია,” - აღნიშნა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოსახლეობა ფიქრობს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ამომრჩეველთა მოსყიდვა, შევიწროვება და ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა წარმოადგენს. ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესს საშუალოდ (47 პროცენტი) ან კარგად (29 პროცენტი) გაუძღვება. მოსახლეობის

აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში კაცი და ქალი კანდიდატების თანაბარი მონაწილეობა, თუმცა მიიჩნევენ, რომ საკრებულოს წევრი ქალების რიცხვის გაზრდას დადებითი (43 პროცენტი) ან არანაირი (42 პროცენტი) გავლენა ექნება საქართველოზე.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის თთქმის ნახევარი პასუხობს, “არცერთი პარტია” ან “არ ვიცი”. კიდევ ერთ კითხვაზე, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, მოსახლეობის 62 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 68 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების ნახევარი, ვინც აპირებს არჩევნებზე წასვლას, გადაუწყვეტელია.

“გადაუწყვეტელი ამომრჩევლების დიდი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პარტიებს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, რათა დააინტერესონ ამომრჩევლები, შესთავაზონ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები და დაანახონ, თუ რითი განსხვავდებიან თავიანთი ოპონენტებისგან.”

მოქალაქეთა იმ მცირე ნაწილიდან, ვინც რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, 23 პროცენტი ირჩევს “ქართულ ოცნებას”, 9 პროცენტი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 4-4 პროცენტი “ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოსა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, 3 პროცენტი კი - “ლეიბორისტულ პარტიას”. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, რიცხვები მნიშვნელოვნად არ იცვლება: “ქართული ოცნება” - 22 პროცენტი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 7 პროცენტი, “ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო” - 3 პროცენტი. მათგან, ვინც სავარაუდოდ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 27 პროცენტი ასახელებს “ქართულ ოცნებას”, 8 პროცენტი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და 3 პროცენტი - “ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოს”.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, 30 პროცენტი მხარს უჭერს “ქართული ოცნების” კანდიდატს კახა კალაძეს, 19 პროცენტი - დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, 18 პროცენტი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ზაალ უდუმაშილს, 5 პროცენტი - “ევროპული საქართველოს” კანდიდატს ელენე ხოშტარიას, ხოლო 3 პროცენტი - “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს (რომელიც კითხვარის შემუშავებისას არ იყო დასახელებული).

“იმ პირობებში, როცა საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, ხოლო გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა ასეთი დაბალია, გამოკითხვის შედეგები არ იძლევა არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. ამის ნაცვლად, ეს შედეგები უნდა აღვიქვათ, როგორც ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკური არენა კვლავაც ღია და, ამასთან, არაპროგნოზირებადია,” - ამბობს თორნტონი.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42