საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. მომხდარს ადასტურებს დავით საყვარელიძე და უკრაინაში საქართველოს ელჩი.
საკითხზე „ნიუპოსტთან“ საუბრისას კომენტარს აკეთებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით დიდი შეცდომა დაუშვა. შაშკინის თქმით, პოროშენკომ დაარღვია როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმები, ასევე უკრაინის კანონმდებლობაც:
„ამ გადაწყვეტილებით პოროშენკომ დაადასტურა, რომ მას ძალიან ეშინია პრეზიდენტ სააკაშვილის, ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მას არაფერი საერთო სამართალთან არ აქვს, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს იმის გამო, რომ პოროშენკო არის ძალიან სუსტი და გრძნობს, რომ მისი მმართველობის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება.
სუფთა სამართლიანი თვალსაზრისით, უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც არის უზენაესი და რომელიც ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული სამართალი. საერთაშორისო ნორმები ცალსახად კრძალავს პიროვნებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, რომელსაც სხვა მოქალაქეობა არ გააჩნია, ამ ნორმისთვის გვერდის ავლა არის შსეუძლებელი თუ ქვეყანა აღიარებს საერთაშორისო სამართალს. თუ უკრაინას აქვს პრეტენზია, რომ არის ევროპის ნაწილი, მაშინ ბუნებრივია საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა დომინირებდეს ადგილობრივ ნორმებზე.
ამ შემთხვევაში ასევე დაირღვა უკრაინის სამართალი. პრეზიდენტ სააკაშვილს მოქალაქეობა პრეზიდენტმა პოროშენკომ მიანიჭა, ანუ მან გასცა ნორმატიული აქტი, რომლითაც მიანიჭა სააკაშვილს მოქალაქეობა, ახლა კი საემიგრაციო სამსახური აუქმებს პრეზიდენტ პოროშენკოს ნორმას, რისი უფლებაც მას არ აქვს, რადგან ის არის ქვემდგომი ინსტანცია. ამ ნორმის გაუქმების უფლება ჰქონდა ან სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს და არა აღმასრულებელი შტოს სამსახურს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული პანიკის და შიშის მომენტში, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გახდება განსჯის საგანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, ასევე უკრაინაში.
ჩემი ღრმა რწმენით ახლა ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმ პოზიციაზე, რომელსაც დაიკავებს უკრაინის მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადობეა. არასამართლიანი და არადემოკრატიული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს უზენაესი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინელ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე. პოროშენკომ შეცდომების კასკადი დაუშვა. მან დაუშვა ასევე საერთაშორისო ურთიერთობებშიც სერიოზული შეცდომები, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს მას მისცემს სერიოზულ შესაძებლობებს, რომ იბრძოლოს სამართლიანობისთვის, თან იმ ფონზე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გააკრიტიკა უკრაინის მთავრობა იმისათვის, რომ ის ერეოდა არჩევნებში და მხარს უჭერდა ჰილარი კლინტონს ღიად, ფინანსური ბერკეტების გამოყენებით, ამერიკის ადმინისტრაციას აქვს შეკითხვები დემოკრატიის განვითარებასთან მიმართებით უკრაინაში. ამიტომ, მე ვთვლი, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ უგუნური გადაწყვეტილებით ბევრი მოვლლენის ფორსირება მოახდინა და ჩვენ გავხდებით მოწმეები უკრაინაში სიტუაციის ძალიან სწრაფად განვითარებისა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






