საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქცია-პატრულირებას, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მთავრობა გამოეხმაურა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, აღნიშნულ აქციას შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები ახლდეს, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვეს, პასუხისმგებლობა კი ქართულ მხარეს დაეკისრება.
„პირველ რიგში, ეს და მსგავსი ქართული აქციები ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზატორები აღიარებენ რეალობას და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობას. სხვა საქმეა, რომ მათ არ უნდათ რეალობასთან შერიგება, რომელიც მათ გეგმებსა და ოცნებებში არ „ჯდება“ და პერიოდულად სახელმწიფო საზღვართან მდებარე სხვადასხვა რაიონებში აქციებს მართავენ. ჯომარდობის ფედერაციის მიერ დღეს დაანონსებული აქცია, რომელიც საზღვართან პატრულირებას გულისხმობს, აშკარად ჯდება პროპაგანდისტულ პროვოკაციებში და მათი დესტრუქციული „მიტინგების“ გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ, თბილისიდან ჩამოსულმა „აქტივისტებმა“ ჩაატარეს. მათი მიზანს, სამხრეთ ოსეთისა და რუს მესაზღვრეებზე მორიგი ცრუ ბრალდებებით თავდასხმა წარმოადგენს.
აქციები, რომლებიც დღეს დაანონსდა, ძალიან სახიფათოა სასაზღვრო რაიონებში, რადგან მათ შეიძლება თან ახლდეს პროვოკაციული გამოვლინებები, რასაც ვითარების გართულება მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება, რომელიც ასეთ მოჩვენებით აქციებს არ აღკვეთს“ - ნათქვამია ჯიოევის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ზოლთან მცოცავი უკანონო ქმედებებისა და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, შიდა ქართლში, სოფელ ყარაფილადან ბერშუეთამდე , დღეიდან სამოქალაქო აქტივისტების 3-კაციანი ჯგუფები 24 საათიან პატრულირებას იწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები






