„ნიუპოსტი“ "BLACK SEA ARENA"-ს პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
კულტურის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ გუშინ გამართულ კონცერტთან მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. შესაბამისად, სამინისტროსთვის უცნობია, ვინ შეადგინა პროტოკოლი.
„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. არც კონცერტთან და არც (ორდენის) გადაცემისთან არანაირი შეხება კულტურის სამინისტროს არ ჰქონია, ამიტომ გაუგებარია ჩვენ მე რატომ მეკითხებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, კულტურის სამინსიტროს არც კონცერტთან და არც BLACK SEA ARENA-სთან არანაირი შეხება არ აქვს. კომენტარს მთხოვთ ისეთ რაღაცაზე, რასთანაც კულტურის სამინსიტროს შეხება არ აქვს. დარეკეთ BLACK SEA ARENA-ში და ალბათ გაგცემენ პასუხს“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ გიორგაძის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.
პრეზდენტის ადმინისტრაციას გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი გუშინ გამართული კონცერტის შემდეგ უნდა დაეჯილდოებინა, გეგმები კი კონცერტამდე ერთი დღით ადრე შეიცვალა .
გავრცელებული ინფომაციით, ქეთი მელუასა და გორის ქალთა კაპელას კონცერტის პროგრამა მას შედეგ შეცვალა, რაც გაირკვა, რომ კონცერტს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად უნდა დასწრებოდა.
ღონისძიების გადაღების უფლება მედიას მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა, რის შემდეგაც ჟურნალისტები ივანიშვილის კომენტარს "BLACK SEA ARENA"-ს ფოიეში ელოდებოდნენ. თუმცა, კითხვების დასმის საშუალება მათ მაინც არ მიეცათ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა დარბაზი სათადარიგო გასასვლელით დატოვა.
ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაციისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდო თეონა ცირამუას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გადასცა.
ჯილდოს გადაცემის ცერემონიას ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც ესწრებოდა.
როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში თეონა ცირამუსათვის ღირსების ორდენის გადაცემა ვერ მოხერხდა.
აბასიშვილის განცხადებით, თეონა ცირამუა ჯილდოს გადაცემას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე ნამდვილად იმსახურებდა.
"მინდა გუნდს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო. მე ვიცოდი, რომ ჯილდოს გადაცემა უნდა მომხდარიყო Black Sea Arena -ზე, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მომეცა საშუალება თეონა ცირამუა დამეჯილდოვებინა Black Sea Arena -ზე.
ვფიქრობ, რომ თეონა ცირამუა იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე. დღეს წარმატებას ვუსურვებ ქეთი მელუას და გორის კაპელას ამ ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტის დროს. მადლობა ქეთი მელუას, რომ ის ასეთ პოპულარიზაციას უწევს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბათუმში დაჯილდოების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






