„პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება ძალადობასა და სამართლებრივ ბრალდებებს როგორც 2016 წლის საარჩევნო პერიოდში, ისე ბოლო თვეების განმავლობაში. ისინი გაჭიანურებულ გამოძიებაზე, შერჩევით სამართალზე, მოსამართლეებზე ზეწოლასა და სანქციების უთანასწორო და არაპროპორციული გამოყენების ტენდენციებზე მიუთითებდნენ. მაგალითად, "რუსთავი 2“-ის მფლობელობის ირგვლივ დავის სასამართლო გადაწყვეტილებებში სავარაუდო პოლიტიკური ჩარევა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი გახდა.
დელეგაციასთან შეხვედრების დროს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება 2016 წლის არჩევნებამდე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაჭიანურებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მიზნით პოლიტიკური ნების არარსებობასთან დაკავშირებით. მაგალითებად დასახელდა: 14 თვის წინ კორცხელში ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართ ჩადენილი ძალადობა და 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება. მათ ასევე აღნიშნეს გენერალური აუდიტორის ბრალდება, რომ მას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გენერალური აუდიტორის თანახმად, ეს ყოფილი მთავარი პროკურორის შესაძლო კორუფციული ფაქტების აუდიტის სამსახურის მიერ გამოძიებაზე შურისძიება იყო. ბევრი სხვა საქმის მსგავსად, ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ბრალი არავის წაყენებია და არც სამართალი არ აღსრულებულა. არც ქალი კანდიდატების დაშინებისა და რეპუტაციის შელახვისთვის დასჯილა ვინმე. მხოლოდ გამოძიების დაწყება ან სასამართლო პროცესის ინიცირება დროული დასრულების გარეშე მოსახლეობის ნდობის მოპოვებისა ან შემდგომი დარღვევების შეჩერებისთვის საკმარისი არ არის. სანამ დამნაშავეები დროულად არ დაისჯებიან, უდანაშაულობის კულტურა არ შეიცვლება და სამართლიანი პროცესის მიმართ ნდობა არ იარსებებს.“- აღნიშნულია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






