„2016 წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ აღნიშნეს, რომ პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მოძიებულ თანხებში არსებითი დისბალანსი არსებობდა.14 ქართულმა ოცნებამ შემოწირულობების მთლიანი ოდენობის 66 პროცენტი მიიღო და ყველა სხვა პარტიასა და კანდიდატზე მეტი დახარჯა.15 ამგვარმა დისბალანსმა შესაძლებელია ამ და სხვა არჩევნებში კონკურენტუნარიანობა შეასუსტოს. ქართული ოცნების გარდა, ყველა პარტიამ, ვისაც დელეგაცია შეხვდა, განსაკუთრებით აღნიშნა, რომ თანხების მოძიება გაცილებით რთული გახდა. პარტიებმა განაცხადეს, რომ ის ბიზნესები და კერძო პირებიც კი, ვისაც მათი მხარდაჭერა სურს (ან წარსულში გამოუხატავთ მხარდაჭერა) შემოწირულობის გაკეთებისგან თავს იკავებენ - სავარაუდო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. ვინაიდან მსგავსი შემთხვევების გადამოწმება რთულია, დამკვირვებლებმა და პარტიების წარმომადგენლებმა სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი და დოკუმენტირება უნდა გაუკეთონ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსების წყაროების და ოდენობების გამჭვირვალობის გაზრდის საჭიროებაზე, ასევე კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე გადაწყვეტილების დროულად გამოტანის აუცილებლობაზე მიუთითეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ზედამხედველობას უწევს კამპანიის დაფინანსებას. სამსახურს კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევებისთვის სანქციების დაწესება შეუძლია. მას ასევე შეუძლია თანხისა და ქონების წარმომავლობაზე ინფორმაციის შეგროვება, თუმცა მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ, რის მიღებასაც დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. ადგილობრივი არჩევნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტრენინგების ჩატარებას, კამპანიის დაფინანსების რეგულაციებზე ვიდეო ინსტრუქციების შექმნას და ვალდებულებებთან დაკავშირებით კანდიდატების ცნობიერების ამაღლების მიზნით საკონსულტაციო ცენტრის შექმნას გეგმავს; ასევე იგეგმება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობა რეგულაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კარგად მართულ სახელმწიფო ინსტიტუტად ასახელებენ, ჩართულ მხარეებს მიაჩნიათ, რომ კვლავ პრობლემად რჩება აუდიტის სამსახურის შესაძლებლობა და რესურსები, საზედამხედველო ფუნქციები ეფექტურად, გამჭვირვალედ და დროულად შეასრულოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოსავლებისა და ხარჯების გამოძიების და ზედამხედველობისათვის ადამიანური რესურსების სიმწირე აღნიშნა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე აღნიშნა მესამე პირების და უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოწირულობების აღმოჩენასთან დაკავშირებული სირთულეები.“- აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






