ოპოზიციის წევრი აღნიშნავს, რომ კონსულტაციების მიზანი პროცესის ჩიხიდან გამოყვანა უნდა იყოს, ამის გზად კი „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციის განხილვის პირველ ეტაპზე დაბრუნებას ხედავს.
“ხელისუფლება თან ამბობს, რომ მზად არის კონსულტაციებისთვის, თან წინასწარ აცხადებს, რომ არც ერთ ძირითად საკითხზე საუბარს არ აპირებს. ანუ ულტიმატუმის ენით გველაპარაკება.
ოცნებამ საკონსტიტუციო პროცესი თავად შეიყვანა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, როცა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის უგულებელყოფით, კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი მესამე მოსმენის სტადიამდე მიიყვანა. ამ სტადიაზე კი პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა აკრძალულია კანონით.
ამდენად, ხელისუფლების მხრიდან დიალოგზე საუბარი ფარსია და წარმოადგენს უიმედოდ ჩიხში შესული პროცესის გაპრავების წინასწარ განწირულ მცდელობას.
მიუხედავად ამისა, მზად ვართ ვესაუბროთ ხელისუფლებას კრიზისის დაძლევის გზებზე. კონსულტაციების მიზანი უნდა იყოს არა ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ვაჭრობა, არამედ პროცესის ჩიხიდან გამოყვანა, რისი ერთადერთი გზაც საკონსტიტუციო განხილვის თავიდან დაწყებაა”- აცხადებს ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






