როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წელს საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 085 პირის, ხოლო 2017 წლის ექვს თვეში - 8277 პირის (სრულწლოვნები და არასრულწლოვნები) მიმართ.
"იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის ექვს თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 8453 პირის მიმართ და 2017 წლის ექვს თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი შემცირებულია 176 ერთეულით, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ დანაშაულებზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი (ქურდობა) - 19.5%, 260-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) - 11.5%, 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) - 11.3%, 125-ე მუხლი (ცემა) – 6.1%, 1261 მუხლი (ოჯახში ძალადობა) - 4.7%.
2017 წლის პირველ ექვს თვეში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
2016 წელს და 2017 წლის ექვს თვეში, სრულწლოვანი (21 წლის ზემოთ ასაკის) პირების მიმართ, განრიდება ძირითადად გამოყენებული იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე. 2016 წელს განრიდებულთა 97%-ს, ხოლო 2017 წლის პირველ 6 თვეში განრიდებულთა 96%-ს ჩადენილი ჰქონდა სწორედ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.
2016 წელს პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოებმა განიხილეს 16 064 პირის, ხოლო 2017 წლის ექვს თვეში - 7253 პირის ბრალდების საქმე.
2016 წელს გასამართლებული 16 064 პირიდან 62.9%-ზე განაჩენი გამოტანილი იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 37.1%-ის მიმართ საქმე არსებითად იქნა განხილული.
2017 წლის ექვს თვეში გასამართლებული 7253 პირიდან 71.3%-ზე განაჩენი გამოტანილი იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 28.7%-ის მიმართ საქმე არსებითად იქნა განხილული.
2016 წელს არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან, 3.8%-ის მიმართ (227 პირი) სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 2.1%-ის მიმართ (127 პირი) - ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი. 2017 წლის ექვს თვეში არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან, 4.5%-ის მიმართ (94 პირი) სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 3.1%-ის მიმართ (65 პირი) - ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.
გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა სხვადასხვა დანაშაულებზე. ძირითადად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა), 178-ე (ძარცვა), 180-ე (თაღლითობა), 125-ე (ცემა), 1261 (ოჯახში ძალადობა), 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) მუხლებზე.
წინა წლებთან შედარებით, 2016-2017 წლებში შემცირებულია საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი. კერძოდ, 2014 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას ჯარიმა გამოყენებული იქნა ბრალდებულთა 47%-ის მიმართ, 2015 წელს - 44.6%-ის, ხოლო 2016-2017 წლებში - ბრალდებულთა მხოლოდ 34%-ის მიმართ.
2016-2017 წლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება განხორციელდა. ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბოლო წლებში არასრულწლოვან განრიდებულთა მაჩვენებლის ზრდა. პროგრამის ამოქმედებიდან (2010 წლიდან) დღემდე სულ განრიდებულია 1753 არასრულწლოვანი, რომელთაგან 2 განრიდდა 2010 წელს, 81 - 2011 წელს, 125 - 2012 წელს, 331 – 2013 წელს, 203 - 2014 წელს, 296 - 2015 წელს, 462 - 2016 წელს, ხოლო 253 - 2017 წლის პირველ 6 თვეში.
2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 203 არასრულწლოვნის მიმართ, რომელთაგან 156 პირს (77%) ჩადენილი ჰქონდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს დევნადაწყებული 203 არასრულწლოვნიდან კანონით განსაზღვრულ განრიდების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა 83 მათგანი. მათ მიმართ განრიდების გამოყენებაზე უარის თქმა პროკურორების მიერ დასაბუთებულია შესაბამის დოკუმენტში და, ძირითადად, განრიდების გამოყენებაზე უარის თქმის მიზეზად მითითებულია არასრულწლოვანთა მიერ ძალადობრივი დანაშაულის ან/და დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენა. პროკურორის დასაბუთება უმეტეს შემთხვევაში გაზიარებულია სასამართლოს მიერ.
2017 წლის პირველ 6 თვეში კიდევ უფრო შემცირდა განრიდებამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევები. განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2014 წელს იყო 38% (78 არასრულწლოვანი), 2015 წელს - 25% (73 არასრულწლოვანი), 2016 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 16%-მდე (74 არასრულწლოვანი), ხოლო 2017 წლის პირველ 6 თვეში - 6%-მდე (15 არასრულწლოვანი). პროკურორთა ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს არასრულწლოვნისთვის დამატებითი სტრესის თავიდან აცილებას, რაც, როგორც წესი, თან ახლავს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.“- აღნიშნულია პროკურატურის ანგარშში.
მასალის გამოყენების პირობები






