„დღეს, ამბასადორიალზე, გვქონდა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების და ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების კარგი განხილვა მთავრობის, პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავჯდომარესთან გამართული განხილვა, რომლის დროსაც ჩვენმა დიპლომატებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარისგან, პროცესისა და ასევე, ახალი კონსტიტუციის პროექტის, შესახებ.
ალბათ ეს ამბავი არავის გაუკვირდებოდა, რომ არა სრულიად უსაფუძვლო ბრალდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ თითქოს ამბასადორიალის გამოყენება ხდება იმისათვის, რომ დიპლომატებს პარტიულ-პოლიტიკური დავალებები მიეცეთ. სწორედ ამ განცხადებამ, და ასევე, მას აყოლილმა ოპოზიციონერების განცხადებებმა, მოახდინეს ამ პროცესის პოლიტიზირება და შექმნეს განცდა, რომ დიპლომატია პარტიული პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება.
მსურს საზოგადოებას სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ დღეს, დიპლომატია ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე ცალკე აღებული პარტიის ინტერესებს.
ასევე, მსურს მოვუწოდო დღეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, ვინც წესით პატივს უნდა სცემდნენ ქართულ დიპლომატიას და დიპლომატებს, ნუ შეეცდებიან საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ზიანის მიყენებას ამ სამსახურისადმი. ასევე, ნუ ეცდებიან "მეგობრობის" ბოროტად გამოყენებას და ადამიანებით მანიპულირებას.
სჯობს ყველამ ერთად მოვძებნოთ გზები ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად და არა შესასუსტებლად.“- წერს ჯანელიძე ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






